მაღაროელები ტარიელ მიქაცაძე და მირზა ლოლაძე, მშრალ შიმშილობაზე გადავიდნენ

"მაღაროელის“ ინფორმაციით, ჭიათურაში მოშიმშილე 2 მაღაროელი, ტარიელ მიქაცაძე და მირზა ლოლაძე მშრალ შიმშილობაზე გადავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში “მაღაროელი” ვრცელდება.

“საპროტესტო აქციაზე, რომელიც უკვე 126 დღეა გრძელდება, ხოლო შიმშილობა 15 დღეა მიმდინარეობს, დღეს ერთ-ერთი მოშიმშილე, ტარიელ მიქაცაძე შეუძლოდ გახდა. მან უარი განაცხადა სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე და ნებისმიერი სახის მკურნალობაზე. მიუხედავად ამისა, მდგომარეობის სიმძიმის გამო, სასწრაფო დახმარების გამოძახება ორჯერ გახდა საჭირო”, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადების მიხედვით, ტარიელ მიქაცაძე არ იღებს არც წყალს და არც გლუკოზას. მისი შაქრის დონე კი კრიტიკულ 2.1-მდე (მმოლ/ლ) დაეცა. მშრალი შიმშილობა დაიწყო მირზა ლოლაძემაც, რომელსაც პროტესტის ნიშნად პირი ამოკერილი აქვს. მას მთელი დღის განმავლობაში სითხე არ მიუღია, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუარესდა და შაქრის დონეც დაეცა.

ცნობისთვის, პროტესტის და შიმშილობის მთავარი მოთხოვნაა ოთხი დაკავებული მაღაროელის გათავისუფლება. მათი სასამართლო პროცესი 17 ივლისს არის ჩანიშნული.