მომხმარებელთა უფლებებთან დაკავშირებით 34 მოვაჭრე დაჯარიმდა - 6 თვის სტატისტიკა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით ექვსი თვის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 67 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 109 საქმეზე.

6 თვის მონაცემებით, სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 34 მოვაჭრეს - 68 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში 29 018 ლარის ოდენობით.

ამავე პერიოდში, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 90 საქმეზე 83 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

სააგენტოში მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით სულ 602 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო ზარების რაოდენობამ 2060 შეადგინა. როგორც GCCA-ში აღნიშნავენ, განცხადებების რაოდენობა 48%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ინფორმაციისთვის: მომხმარებლის უფლებების დარღვევის შემთხვევაში აუცილებელია შეავსოთ სპეციალური განაცხადის ფორმა და გაგზავნოთ ელ-ფოსტაზე This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.. დაზუსტებული ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ GCCA-ის ცხელ ხაზზე 15 20 და ასევე ქალაქის ნომერზე 032 205 44 22.