ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან მოლაპარაკებების ახალ რაუნდს აანონსებს
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 66
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში აბუ-დაბიში რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების რიგით მე-4 სამმხრივი რაუნდი გაიმართება.
ამ ინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე უკრაინის მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი, რუსტემ უმეროვი აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს ჟენევაში შეხვდა და კონსულტაციები გამართა. როგორც ირკვევა, მხარეებმა დეტალურად დაამუშავეს უკრაინის ომის შემდგომი აღდგენის დოკუმენტი, რომელიც სამომავლო შეთანხმებების საფუძველი უნდა გახდეს.
პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, ამჟამად მთავარი მიზანი უსაფრთხოების გარანტიების ფორმალიზება და ვლადიმერ პუტინთან უმაღლესი დონის შეხვედრისთვის მომზადებაა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას ჯერ არ გამოხმაურებია კრემლი. თუმცა ომის ზაფხულამდე დასრულების ტრამპის მიერ გაჟღერებულ მოთხოვნაზე რუსეთის ფედერაციის პოზიცია უკვე რამდენიმე დღეა ცნობილია. საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ მოსკოვი სხვების დაწესებული ვადებით არ აპირებს მოქმედებას და ომს მაშინ დაასრულებს, როცა დასახულ ამოცანებს შეასრულებს.
შეგახსენებთ, ბოლო სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკება აშშ-ის შუამავლობით რუსეთსა და უკრაინას შორის ჟენევაში რამდენიმე დღის წინ გაიმართა. იმის მიუხედავად, რომ კონკრეტული შედეგი ვერც ამჯერად დაიდო, ანალიტიკოსების ყურადღება მიიქცია ფაქტმა, რომ იმ შენობასთან, სადაც შეხვედრა იმართებოდა, მედიამ გლობალური საინვესტიციო გიგანტის, BlackRock-ის ვიცე-თავმჯდომარე ფილიპ ჰილდებრანდი შენიშნა. ეს ექსპერტებს მნიშვნელოვნად მიაჩნიათ იმის გათვალისწინებით, რომ აშშ რუსეთთან და უკრაინასთან სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავებას სწორედ ომის დასრულების შემდეგ აპირებს. შესაბამისად, BlackRock-ის გავლენიანი წარმომადგენლის ჟენევაში ყოფნა აჩენს განცდას, რომ მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზეა და მხარეები უკვე გადავიდნენ საინვესტიციო პროექტების განხილვაზე.
No article in the selected categories
