პაკისტანსა და ავღანეთს შორის ომი განახლდა

პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულზე, ქალაქ ყანდაარსა და ფაქთიის პროვინციაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 133 თალიბი მებრძოლი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაიჭრა.

აღსანიშნავია, რომ ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც პაკისტანმა უშუალოდ თალიბანის სამხედრო ინფრასტრუქტურას დაბომბა. ვითარების ესკალაციის ფონზე, პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა, ხავაჯა მუჰამედ ასიფმა განაცხადა, რომ ქვეყანა მტრულად განწყობილ მეზობელ სახელმწიფოსთან უკვე ღია ომშია. თავის მხრივ, თალიბანის მთავრობამ საპასუხო სამხედრო მოქმედებები დაიწყო, პაკისტანური სამხედრო ბაზები დაიკავა და 55 ჯარისკაცი მოკლა.

არსებული ინფორმაციით, ყანდაარში, სადაც ავღანური მოძრაობის სულიერი ლიდერის შტაბ-ბინა მდებარეობს, უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გამკაცრდა. პარალელურად, ავღანური მედიის მტკიცებით, საერთო საზღვარზე უკვე მობილიზდა თვითმკვლელი ტერორისტების ბატალიონი, რომელიც პაკისტანის ქალაქებში მასშტაბური სუიციდური თავდასხმებისთვის ემზადება.

კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, დიპლომატიურ პროცესებში უკვე ჩაერთნენ ჩინეთის, საუდის არაბეთისა და რუსეთის საგარეო უწყებები, რომლებიც მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. შეგახსენებთ, რომ მსგავსი სასაზღვრო შეტაკებები გასულ წელსაც ვიხილეთ, თუმცა მაშინდელი დაპირისპირება ოქტომბრის თვეში თურქეთისა და კატარის მედიაციით დასრულდა. ანალიტიკოსების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ პაკისტანის კონვენციური სამხედრო პოტენციალი ავღანეთისას მნიშვნელოვნად აღემატება, თალიბანის პარტიზანული ომის მრავალწლიანი გამოცდილება რეგიონში ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი დაპირისპირების ესკალაციის უაღრესად მაღალ რისკებს აჩენს.

ცნობისთვის, ოფიციალური ისლამაბადი ქაბულს 2 600-კილომეტრიანი სასაზღვრო ზოლის გამოყენებით ტერორისტების, მათ შორის პაკისტანური თალიბანის მფარველობაში ადანაშაულებს. ავღანეთის ხელისუფლება კი ამას უარყოფს უარყოფს და მიმდინარე მოვლენებს ისლამაბადის შიდა უსაფრთხოების პრობლემად განიხილავს.