საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია უკაპიტნებს

მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ნაკრებიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა, ცნობილი გახდა, რომ ნაკრების ახალი კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გახდება, ვიცე-კაპიტანი კი – ოთარ კიტეიშვილი.

გურამ კაშია მარტის მატჩებისთვის შეკრებაზე არ იქნება, ხოლო 2 ივნისს რუმინეთთან შეხვედრის შემდეგ, “ჯვაროსნებს“ ოფიციალურად დაემშვიდობება.

საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩებისთვის მზადება თბილისში დაიწყო. მარტის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ჩვენი გუნდი 26 მარტს თბილისში ისრაელს დაუპირისპირდება, ხოლო 29 მარტს ლიეტუვის წინააღმდეგ კაუნასში ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ გურამ კაშიას დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2009 წელს მონტენეგროს წინააღმდეგ შედგა, ხოლო ნაკრებს 2013 წლიდან კაპიტნობდა.