„სრულად ვიზიარებთ საკითხის სიმძიმეს“, – ასე ეხმაურება საქართველოს რაგბის კავშირი მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოსა და მსოფლიო რაგბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, 2023 წელს საფრანგეთში გამართული რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, საქართველოს 15-კაცა ნაკრებში ანტიდოპინგური წესების დარღვევის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.
"ჩვენ სრულად ვიზიარებთ საკითხის სიმძიმეს. გულშემატკივრის მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ ვაცხადებთ, რომ აღნიშნულ საქმეში მონაწილეები 2023/24 წლების სეზონიდან აღარ თამაშობენ/მუშაობენ ეროვნულ ნაკრებში. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, არცერთი ნაკრების მოთამაშე და ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში შემჩნეული და დადანაშაულებული არ არის.
პროცესის დაწყების პირველივე დღიდან, საქართველოს რაგბის კავშირი სრულად და გამჭვირვალედ თანამშრომლობს WADA-სთან და მსოფლიო რაგბისთან. მათგან მივიღეთ მკაცრი მითითება, რომ გამოძიების სრულყოფილად, მიუკერძოებლად და დადგენილი წესების დაცვით წარმართვისთვის, პროცესის დასრულებამდე თავი შევიკავოთ საჯარო კომენტარებისა და დეტალების გასაჯაროებისგან. სწორედ ამ პროტოკოლის დაცვით იყო განპირობებული ის, რომ აქამდე კომენტარი არ გაგვიკეთებია.
ვაცნობიერებთ, რომ აღნიშნული ფაქტები სერიოზულ დარტყმას აყენებს ქართული რაგბის რეპუტაციას. ჩვენი მხრიდან დაწყებულია ინტენსიური სამუშაო და გატარებულია მკაცრი ღონისძიებები მსგავსი შემთხვევების პრევენციისათვის. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რაგბიში მსგავსი ინციდენტები აღარ მოხდეს.
დისციპლინარული საკითხების დასრულების შემდეგ, გავმართავთ პრესკონფერენციას და ვუპასუხებთ მედიისა და საზოგადოების შეკითხვებს", - წერია განცხადებაში
13 მარტს, BBC-მ სტატია გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ საქართველოს რაგბის ნაკრების ექვსი მოთამაშე და გუნდის კიდევ 1 წევრი ანტიდოპინგური წესების დარღვევისთვის დაასანქცირეს, რასაც "მსოფლიო რაგბი "ორგანიზებულ სქემას“ უწოდებს. "მსოფლიო რაგბისა" და მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) ერთობლივი გამოძიების შედეგად გამოვლინდა სქემა, რომელიც გულისხმობდა ნიმუშის სავარაუდო შეცვლასა და დოპინგ-ტესტების ჩატარების შესახებ წინასწარ გაფრთხილებებს. "ოპერაცია ობსიდიანის" სახელით ცნობილი გამოძიება 2023 წელს დაიწყო და აღმოაჩინეს ხუთი შემთხვევა, როდესაც მოთამაშეები, სავარაუდოდ, შარდის ნიმუშებს ცვლიდნენ.
