უნდა გვქონდეს პრაგმატული პოლიტიკა, რათა დიდი ქვეყნების თამაშებს და ინტერესებს არ შეეწიროს ჩვენი პატარა ქვეყნის ინტერესები - კალაძე

უნდა გვქონდეს პრაგმატული და სწორი პოლიტიკა, რათა დიდი ქვეყნების თამაშებსა და ინტერესებს არ შეეწიროს ჩვენი პატარა  ქვეყნის ინტერესები, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს საქართველო-ნატო-ს სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა, აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს.

„ნახეთ, როგორი პარტნიორი იყო საქართველო საერთაშორისო მისიებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ნატო-ს წევრი ქვეყანა არ ვართ, ყოველთვის ყველაზე მეტი შემადგენლობით ვიყავით წარმოდგენილი საჯარისო დანაყოფების თვალსაზრისით. უამრავი მადლობა და წარმატება  ჰქონდათ ჩვენს ბიჭებს. ჩვენ დავამტკიცეთ არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით და ფაქტებით, რომ საქართველო არის სანდო პარტნიორი ქვეყანა, თუმცა დღეს ვისმენთ განცხადებებს, რომ ვერც საქართველოს და ვერც უკრაინის გაწევრიანება ვერ მოხდება ნატო-ში. კარგად მესმის, რომ ყველას თავისი ინტერესი აქვს, დიდი ქვეყნები გამოდიან თავიანთი ინტერესებიდან. ჩვენ ამიტომ ვამბობთ, რომ უნდა გვქონდეს პრაგმატული და სწორი პოლიტიკა, რათა დიდი ქვეყნების თამაშებსა და ინტერესებს არ შეეწიროს ჩვენი პატარა  ქვეყნის ინტერესები“, – განაცხადა კახა კალაძემ.