11 ივნისს ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტი გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 11-12 ივნისს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს ეწვევა.
11 ივნისს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ქართველ კოლეგას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს. ორმხრივ ფორმატში მოლაპარაკებები შედგება ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართება. გაფორმდება შეთანხმებები სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, კულტურისა და ინოვაციების, ასევე სპორტის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. 
მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის შემდეგ დაგეგმილია ირაკლი კობახიძის და ვიქტორ ორბანის ერთობლივი პრესკონფერენცია. 
უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს უნგრეთის პრეზიდენტ ტამაშ შუიოკთან და უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერ ლასლო კოვერთან. 

საქართველოს და უნგრეთს ერთმანეთთან აკავშირებს განსაკუთრებულად მჭიდრო თანამშრომლობა, უნგრეთი არის საქართველოს განსაკუთრებული მხარდამჭერი, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარების კუთხით, ასევე საქართველოს ევროპული მისწრაფებების თვალსაზრისითაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს მილანში განუცხადა.

 

მისივე თქმით, კომისიის სხდომაზე, რომელიც ბუდაპეშტში გაიმართება, საუბარი იქნება, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.

 

„ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარება და, რა თქმა უნდა, კომისიის სხდომა, რომელიც გაიმართება ბუდაპეშტში, ემსახურება ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების განხილვას. საუბარი იქნება, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და თანამშრომლობის სხვა სფეროებზე. მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ურთიერთობების განვითარებას,“- განაცხადა პრემიერმა.