დიალოგი ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ვის ველაპარაკოთ?! დამოუკიდებლობის საკითხი არ გადაიხედება, ყველაზე დიდი მონაპოვარი დღევანდელი დღის, ჩვენი ხელისუფლების არის საქართველოს დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რაც გვაქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში დამოუკიდებლობის ასეთი ხარისხი არ ჰქონია ქვეყანას და სწორედ ეს უზრუნველყოფს დანარჩენს ყველაფერს.
„რაც უფრო დამოუკიდებელი იქნება ქვეყანა, მით უფრო დარწმუნდება ყველა შიგნით და გარეთ, რომ ქართველი ხალხის გარეშე ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებები ვეღარასდროს მიიღება. ამას შეიძლება, მოჰყვეს საქართველოს გაერთიანება, რეალური კეთილდღეობა, სიამაყე და იმ ისტორიის გაგრძელება. ამ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ გაერთიანებასაც, ერთად ყოფნასაც, სიამაყესაც და შევძლებთ, რომ არა მხოლოდ ტერიტორიები, არამედ ჩვენი ხალხები გავაერთიანოთ, ერთიან ძლიერ საქართველოში ვიცხოვროთ. დამოუკიდებლობას სჭირდება გაფრთხილება. რაც შეეხება ნებისმიერ სხვა საკითხს, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს, ქვეყნის გაერთიანებას, ქვეყნის სიძლიერეს, ქართველი ადამიანის, კაცისა და ქალის ინტერესს მოემსახურება, ნებისმიერი საკითხის გადაჭრაზე მზად ვართ. ხან გვეკითხებიან „დიფ სთეითი“ ვინ არის, ხან გვეკითხებიან „გლობალური ომის პარტია“ ვინ არის, ხან გვეკითხებიან არაფორმალური მმართველები ვინ არიან, თანამედროვე სამყაროში ვინ ცდილობს ასეთი ბერკეტის მოპოვებას და ა.შ. მოდი, დავარქვათ ასე, ამ შემთხვევაში – გლობალური ომის პარტია, „დიფ სთეითი“, არაფორმალური მმართველობის მქონე ძალიან დიდი ძალები ცდილობენ ქვეყნების მეშვეობით საქართველოში თავიანთი გავლენების გაძლიერებას, რასაც ჩვენ არ ვუშვებთ და საქართველო დღეს დგას ისე მყარად, როგორც არასდროს, განსაკუთრებით ამ საკითხზე ჩვენს მთავარ მონაპოვარს ვუფრთხილდებით“, – განაცხადა მდინარაძემ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა და გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც აღნიშნულია: „ჩვენ ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელიც იწვევს დემოკრატიულ უკუსვლას, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და მთავრობის ოპონენტების წინააღმდეგ ყველა თავდასხმას. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება უნდა იყოს დაცული. გადაჭარბებული ძალადობის შემთხვევები უნდა იქნეს გამოძიებული. კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ ნორმებს, უნდა შეიცვალოს, ხოლო საჭირო რეფორმების პროცესი განახლდეს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს დიალოგი ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ქართველ ხალხს არ უნდა წაერთვას ქვეყნის ევროპულ ტრაექტორიასთან დაკავშირებული შესაძლებლობები“.