"არ გვაქვს იმის უფლება, რომ ისედაც მცირერიცხოვანმა ერმა, ჩვენს დიასპორას განსაკუთრებული ყურადღება არ დავუთმოთ" - პრემიერი

ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ ისედაც მცირერიცხოვანმა ერმა, ჩვენს დიასპორას განსაკუთრებული ყურადღება არ დავუთმოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდობას და ახალგაზრდების მჭიდრო კავშირის შენარჩუნებას სამშობლოსთან.

 

„ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ ისედაც მცირერიცხოვანმა ერმა, ჩვენს დიასპორას განსაკუთრებული ყურადღება არ დავუთმოთ. სახელმწიფოს ძალისხმევა მომავალშიც იქნება მიმართული ისეთი პროგრამების განხორციელებისკენ, რომლებიც დიასპორის წარმომადგენელთა ეროვნული და კულტურული იდენტობის შენარჩუნებას და განათლების საკითხებს ეძღვნება. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდობას, ახალგაზრდების მჭიდრო კავშირის შენარჩუნებას სამშობლოსთან, უცხოეთში სასწავლებლად წასულ სტუდენტებს, რომლებმაც უნდა შექმნან ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავალი, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით,  საქართველო გახდა დიასპორის სფეროში ყველაზე მაღალი პლატფორმის - გლობალური დიასპორის პოლიტიკის ალიანსის მმართველი საბჭოს თანათავმჯდომარე ქვეყანა,  ამასთან, საქართველო არის დუბლინის დეკლარაციის ხელმომწერი მხარე, რითაც იგი უერთდება გაეროსა და საერთაშორისო საზოგადოების ერთიან მიდგომას დიასპორის სფეროში.

 

„საქართველო გასული წლების განმავლობაში გახდა დიასპორის სფეროში ყველაზე მაღალი პლატფორმის - გლობალური დიასპორის პოლიტიკის ალიანსის მმართველი საბჭოს თანათავმჯდომარე ქვეყანა, ამ სფეროში ისეთ წამყვან ქვეყანასთან ერთად, როგორიც ირლანდიაა. ამასთან, საქართველო არის დუბლინის დეკლარაციის ხელმომწერი მხარე, რითაც იგი უერთდება გაეროსა და საერთაშორისო საზოგადოების ერთიან მიდგომას დიასპორის სფეროში. დიასპორასთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის ჩვენმა პრაქტიკამ ფართო აღიარება მოიპოვა ისეთ ფორუმებზე, როგორიც არის გაეროს გენერალური ასამბლეა, დიასპორის გლობალური სამიტი. ბოლო პერიოდში ჩატარებული ყველა მაღალი დონის ფორუმი თუ სადისკუსიო პანელი საქართველოს დიასპორულ პოლიტიკასა და პროგრამებს საუკეთესო შეფასებას აძლევს, რითაც ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ“, - განაცხადა პრემიერმა.