პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნას. ამ თანამდებობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ყოფილი უფროსი მამუკა მდინარაძე დაიკავებს.
კერძოდ, დღეს, 28 აპრილს, გამართულ კენჭისყრაზე 83 ხმით პარლამენტმა მხარი დაუჭირა "მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესში" ცვლილებას.
ცვლილებების საფუძველზე მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად უნდა დაინიშნოს. აღსანიშნავია, რომ აქამდე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა არ არსებობდა.
ახალი უწყება მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში განთავსდება და მას ცალკე გამოყოფილი შტატი არ ეყოლება, უწყების საკადრო უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი მთავრობის ადმინისტრაცია იქნება და ამ მხრივ ახალ შტატებს არ დაიქირავებენ.
