როდესაც ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ემუქრება ქართველ ხალხს სამოქალაქო ომით, სიღარიბეში დაბრუნებით, ეს რა თქმა უნდა, არის ძალიან მძიმე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჰერჩინკის განცხადება თავისი შინაარსით უმძიმესია.
„როდესაც ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ემუქრება ქართველ ხალხს სამოქალაქო ომით, სიღარიბეში დაბრუნებით, ეს რა თქმა უნდა, არის ძალიან მძიმე. ასევე ემუქრებოდა ბატონი ჰერჩინსკი ქართველ ხალხს საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც ის მოუწოდებდა ხალხს, ამომრჩეველს, გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ხელისუფლებაში დაებრუნებინათ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. რეალურად ამას ნიშნავდა მაშინდელი მოწოდება ბატონი ჰერჩინსკის. რა თქმა უნდა, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში ნიშნავს სწორედ ბნელ წარსულში დაბრუნებას, რაც ჩვენ გამოვიარეთ, ამაში დაბრუნება არ უნდა ქართველ ხალხს. სწორედ ამის გამო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ქართველმა ხალხმა საერთოდ არ იღო ყურად ჰერჩინსკის მოწოდება. მან მხედველობაში მიიღო საკუთარი ინტერესები და არა ევროკავშირის ელჩის მოწოდება, დაებრუნებინა ქვეყანა ხალხს საკუთარი ხელით კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ბნელ წარსულში.
ეს არ იყო ახალი არაფერი, რასაც მიჩვეული ვართ ევროკავშირის ელჩისგან, იგივე განცხადება გააკეთა რეალურად. ეს არ იყო სიახლე, მაგრამ მაინც ჩაითვალა საჭიროდ რეაგირება და სწორედ ამის გამო. დიპლომატიური ნაბიჯი გადაიდგა, დაბარებული იქნა ელჩი, მოისმინა საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტებები მისგან, ეს არის ის დიპლომატიური ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგმულიყო ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ამ მდგომარეობას კრიტიკაც კი არ სჭირდება.
„კომიკურ მდგომარეობაში იგდებს საკუთარ თავს გერმანული ადმინისტრაცია, როდესაც პრეზიდენტთან დაკავშირებით ფორმალური ინფორმაციის შეცვლაც კი არ სურს საკუთარ ვებგვერდზე. ამას კრიტიკაც კი არ სჭირდება, უბრალოდ, კომიკურია ეს მდგომარეობა, რასაც ჩვენ ვხედავთ“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, თუ რა გამოწვევაზე უნდა იმუშაოს სუს-ის ახალმა უფროსმა.
„რეალურად, გამოწვევები ბევრი რჩება. მიუხედავად იმისა, რომ აქამდეც იყო წარმატებული სამსახურის საქმიანობა, გამოწვევები რჩება საკმაოდ ბევრი. ყველა მიმართულებით არის ყურადღება და სიფრთხილე საჭირო. საფრთხეები არსად წასულა. თქვენ ხედავთ, რა მძიმე ვითარებაა ზოგადად გლობალურად, ჩვენს რეგიონში, ჩვენს გარშემო. ასეთ პირობებში საჭიროა მუდმივი სიფრთხილე, სიფხიზლე. ასევე, ინსტიტუციური ცვლილებები დაიწყო მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობის პირობებში, თუმცა ამასაც სჭირდება გაგრძელება. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც შესრულდება გეკა გელაძის ხელმძღვანელობის პირობებში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, ორ წელიწადში არის საპარლამენტო არჩევნები, „ქართული ოცნება“ უკვე ემზადება და გამარჯვება იქნება ძალიან შთამბეჭდავი.
„ვიდრე ოპოზიციამ შექმნა ათი ე.წ. ფანჩატური, ათი არჩევნები მოვიგეთ. ახლა შექმნეს მეტერთმეტე ფანჩატური და მეტერთმეტე არჩევნებსაც მოვიგებთ. მარტივად არის საქმე. ორ წელიწადში არის საპარლამენტო არჩევნები, აჭარაში იქნება უმაღლესი საბჭოს არჩევნები და ჩვენ უკვე ვემზადებით ამ ყველაფრისთვის და ჩვენი გამარჯვება იქნება ძალიან შთამბეჭდავი“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ღიაა დიალოგისთვის.
„როგორც კი დავინახავთ მზაობას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, რომ განახლდეს დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან, მაშინვე სრულ ღიაობას ვაჩვენებთ, თუმცა ჯერჯერობით მათი დამოკიდებულება არის განსხვავებული. ვხედავთ, რომ არის გარკვეული საბჭოური მიდგომა, როდესაც ეშინიათ დიალოგის, დისკუსიის. დიალოგის ეშინია სუსტ მხარეს, სუსტს არგუმენტებში. რა თქმა უნდა, ევროკავშირი ბევრად უფრო დიდია ჩვენზე, ამას არ ვგულისხმობ, მაგრამ სუსტი მხარეა იმ გაგებით, რომ სიმართლე არ არის ევროკავშირისკენ, სიმართლე არის ჩვენკენ. ჩვენ ვისაუბრებთ ყველასთან, ვისთანაც შეიძლება საუბარი, ვინც აფიქსირებს და გამოხატავს ღიაობას დიალოგისთვის, საუბრისთვის, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. ამ დამოკიდებულებით ვახერხებდით ქვეყნისთვის წარმატებების მოტანას დღემდე, მიუხედავად უდიდესი სირთულეებისა და ასე ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას ყველასთან, ვინც ამას მოისურვებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ფასების გაძვირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არის ტყუილი, პირიქით, შენელებულია ინფლაციური პროცესები, თუმცა მთავრობა ამით არ კმაყოფილდება.
„ფასების გაძვირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არის ტყუილი, პირიქით, შენელებულია ინფლაციური პროცესები, მაგრამ ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით, ჩვენი ამოცანაა, რომ ფასები შემცირდეს, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი. კომისია ამ კვირაში ამთავრებს მუშაობას, სამუშაო პროცესი მთავრობაში გვექნება მომავალ კვირაში და ამის შემდეგ საბოლოო გეგმით წარვდგებით საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა პრემიერმა.
კითხვაზე, თუ რას ემსახურებოდა ცვლილებები, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ემსახურება სამართალდამცავი სისტემის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას.
„ეს ყველაფერი ემსახურებოდა სამართალდამცავი სისტემის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას, გაჩნდა ახალი რგოლი - კოორდინაციის რგოლი. ამ ფუნქციას მამუკა მდინარაძე მანამდეც ასრულებდა, ოღონდ კონკრეტული უწყებიდან, ეს იყო ფაქტობრივი მდგომარეობა. ჩვენ გადავწყვიტეთ იმ მოცემულობის ფორმალიზება, რაც სწორია. რაც მანამდეც იყო ჩამოყალიბებული. რეალურად, იქნება დამოუკიდებელი სტრუქტურები - შსს, სუს-ი, სდსს-ი და მათ საერთო კოორდინაციას უზრუნველყოფს სახელმწიფო მინისტრი. ახალი თანამდებობა არის ამისათვის განკუთვნილი, რაც იდევ უფრო მეტად გააძლიერებს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე ზრუნვას. ამ ერთი წლის განმავლობაში, გვაქვს ფუნდამენტური ცვლილებები ყველა მიმართულებით - კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, მიგრაციული პოლიტიკის უკეთ დაგეგმვის კუთხით, ამას სჭირდება შენარჩუნება, კიდევ უფრო მეტად განვითარება და ამას ემსახურება ის სტრუქტურული ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა,“- აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, მამუკა მდინარაძემ ძალიან მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილებები განახორციელა სუს-ში და მისი საქმიანობა ახალ თანამდებობაზე იქნება კიდევ უფრო მეტად წარმატებული.
„მამუკა მდინარაძე არის გამორჩეულად წარმატებული წევრი ჩვენს გუნდში, კონკრეტულად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისი საქმიანობა იყო გამორჩეულად წარმატებული, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ტერორისტული მიმართულებით და ა.შ. ყველა მიმართულებით მისი საქმიანობა იყო ძალიან წარმატებული, ძალიან მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილებები განახორციელა მან სამსახურში. მამუკა მდინარაძე იქნება ვიცე-პრემიერი, სახელმწიფო მინისტრი, აღჭურვილი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციებით და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფუნქციებით ის კიდევ უფრო წარმატებული იქნება თავის საქმეში, მიუხედავად იმისა, რომ აქამდეც იყო ძალიან წარმატებული. მას მოემსახურება მთლიანად მთავრობის ადმინისტრაციის რესურსი, როგორც პრემიერ-მინისტრს ემსახურება მთავრობის ადმინისტრაციის რესურსი, ანალოგიურად მოემსახურება ვიცე-პრემიერსაც, სახელმწიფო მინისტრსაც. ეს არის ზუსტად იგივე კონფიგურაცია, რაც პრემიერის შემთხვევაში,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საბოლოო ჯამში საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა ის შედეგი, რომელიც გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას.
„შედეგი დაფიქსირდა ელექტრონული კენჭისყრის საფუძველზე. ძალიან მარტივად, მიდიოდი საარჩევნო უბანზე, ღილაკს აჭერდი ხელს საარჩევნო აპარატზე და იბეჭდებოდა არჩევნების შედეგები. მანიპულაციის არავითარი თეორიული შანსი არ იყო, ამის მიუხედავად, მაინც ახერხებენ სპეკულირებას. ყველამ კარგად დაინახა, თუ ვის მიმართ გამოხატა მხარდაჭერა ქართველმა ხალხმა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, როგორც პრემიერ-მინისტრს ემსახურება მთავრობის ადმინისტრაციის რესურსი, ისევე მოემსახურება ვიცე-პრემიერსაც და მამუკა მდინარაძის საქმიანობა იქნება კიდევ უფრო მეტად წარმატებული ახალ თანამდებობაზე.
„ყველა მიმართულებით მისი საქმიანობა იყო ძალიან წარმატებული, ძალიან მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილებები განახორციელა მან სამსახურში. მამუკა მდინარაძე იქნება ვიცე-პრემიერი, სახელმწიფო მინისტრი, აღჭურვილი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციებით და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფუნქციებით ის კიდევ უფრო წარმატებული იქნება თავის საქმეში, მიუხედავად იმისა, რომ აქამდეც იყო ძალიან წარმატებული. მას მოემსახურება მთლიანად მთავრობის ადმინისტრაციის რესურსი, როგორც პრემიერ-მინისტრს ემსახურება მთავრობის ადმინისტრაციის რესურსი, ანალოგიურად მოემსახურება ვიცე-პრემიერსაც, სახელმწიფო მინისტრსაც. ეს არის ზუსტად იგივე კონფიგურაცია, რაც პრემიერის შემთხვევაში,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
