დღეს შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად მოვინახულეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ახალი შენობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ახალი შენობა პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს.
„ასევე, განახლდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, აღჭურვილობა. უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. დაახლოებით, 20 000-ზე მეტია უკანონო არალეგალი მიგრანტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში. ეს არის დაგროვილი სტატისტიკა. უკვე შარშან, გასული 1 წლის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან მოახერხა იმაზე მეტი უკანონო მიგრანტის გაძევება, ვიდრე ეს მოხდა გასული 10 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს ტემპები უნდა დაჩქარდეს. ამას ემსახურება, მათ შორის, დეპარტამენტის გაძლიერება არა მარტო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, არა მარტო ახალი შენობით, არამედ ჩვენ ვთქვით არაერთხელ, რომ ადამიანური რესურსების კუთხითაც საჭიროებს დეპარტამენტი გაძლიერებას. უკვე 5-ჯერ არის გაზრდილი პერსონალის რაოდენობა მიგრაციის დეპარტმანეტში, რაც ხაზს უსვამს ჩვენს სერიოზულ დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ. ჩვენი ამოცანაა, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში, მთლიანად გათავისუფლდეს ჩვენი ქვეყანა არალეგალი მიგრანტებისგან, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა მიმართულებით არის განსაკუთრებული შედეგები და აქტიურ მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.
„ყველა მიმართულებით საქმიანობის თვისებრივად გააქტიურებისთვის მინდა მადლობა გადავუხადო პირადად შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ გეკა გელაძეს და მთლიანად სამინისტროს შემადგენლობას, მინისტრის მოადგილეებს. ყველა მიმართულებით არის გააქტიურებული მუშაობა დღეს. დღეს ჩვენ დავათვალიერეთ მიგრაციის დეპარტამენტის ახალი შენობა და აქაც გავიხსენებ სტატისტიკას - გასული ათი წლის განმავლობაში რამდენი არალეგალი მიგრანტიც იყო გაძევებული, იმდენი გააძევა მარტო გასული 12 თვის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ასევე, ნარკოტიკების მიმართულებით, რადიკალურად არის შეცვლილი სტატისტიკა და რამდენიმე ასეული ნარკორეალიზატორი იქნა დაკავებული და დაპატიმრებული ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, რამაც რადიკალურად შეამცირა ნარკოტიკების რეალიზაცია ჩვენს ქვეყანაში და ხელმისაწვდომობა შეზღუდა ნარკოტიკებზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით, პირველივე თვეში, როდესაც დაინიშნა თანამდებობაზე ბატონი გეკა გელაძე, თვისებრივად გააქტიურდა მუშაობა. მძიმე ვითარება იყო, მათ შორის, თბილისში, ცენტრალურ უბნებში განსაკუთრებით. აქ ეს პრობლემა პრინციპულად მოგვარდა. ესეც არის გეკა გელაძის და შინაგან საქმეთა სამინისტროს დამსახურება. ყველა მიმართულებით გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას - კორუფციული დანაშაული, ორგანიზებული დანაშაული, ნარკოტიკული დანაშაული, უკანონო მიგრაცია - ყველა მიმართულებით გვაქვს უკვე განსაკუთრებული, გამორჩეული შედეგები მთელი ამ ბოლო თვეების განმავლობაში და კიდევ უფრო მეტი შედეგების მიღწევა გვინდა მომდევნო პერიოდში“, - განაცხადა პრემიერმა.
ეს პიროვნება უშუალოდ აქეზებდა ახალგაზრდებს დანაშაულის ჩადენისკენ, ისინი მოკალათებულები არიან თბილ ოთახებსა და სავარძლებში და საერთოდ არ აწუხებთ ის, რომ მათ გამო, მათ მიერ მოტყუებული ახალგაზრდები დღეს სხედან ციხეში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სიმონ ჯანაშიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ადამიანი ფრონტის უკანა ხაზზე იდგა და წინა ხაზზე ძალადობდნენ მის მიერ წაქეზებული ადამიანები, რომლების შემდეგ მოხვდნენ საპატიმრო დაწესებულებებში.
„ამ კონკრეტულ ადამიანს ჰქონდა კომპლექსი. თქვენ კადრებიც ნახეთ, რომ ეს ადამიანი ფრონტის უკანა ხაზზე იდგა და წინა ხაზზე ძალადობდნენ მის მიერ წაქეზებული ადამიანები, რომლების შემდეგ მოხვდნენ საპატიმრო დაწესებულებებში, რაც არის ტრაგედია. ახალგაზრდები არიან ციხეში იმის გამო, რომ სწორედ ასეთმა ავანტიურისტებმა წააქეზეს ისინი ძალადობისა და დანაშაულის ჩადენისკენ. სამწუხაროდ, დანაშაული იქნა ჩადენილი, რასაც დაუპირისპირდა სასჯელი. რაც შეეხებათ ამ ავანტიურისტებს, კონკრეტულად ამ პიროვნებას, რომელიც უშუალოდ აქეზებდა ახალგაზრდებს დანაშაულის ჩადენისკენ, მისი პარტია აქეზებდა ახალგაზრდებს დანაშაულის ჩადენისკენ. ისინი მოკალათებულები არიან თბილ ოთახებსა და სავარძლებში და საერთოდ არ აწუხებთ ის, რომ მათ გამო, მათ მიერ მოტყუებული ახალგაზრდები დღეს სხედან ციხეში.
მე შეგახსენებთ მათ კამპანიას - ისინი ცდილობდნენ, დაეჯერებინათ ადამიანები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომ თუ ეკა გიგაურს მოუწევდა წელიწადში ერთხელ დეკლარაციის ჩაბარება იუსტიციის სამინისტროში, მეორე დღეს გაიღვიძებდნენ ჩელიაბინსკში. ასეთ დონეზე ცდილობდნენ ისინი, მოეტყუებინათ ადამიანები, მათ შორის, ახალგაზრდები. ასეთი ფორმით ახალისებდნენ ისინი ძალადობრივ ქმედებებს და დანაშაულებს, რომლებიც იქნა ჩადენილი. მათ აქვთ კომპლექსი, ახლა თვითონ არიან თბილად, მაშინ, როდესაც მათ მიერ წაქეზებული ახალგაზრდები სხედან ციხეში და ეს კომპლექსები ალაპარაკებდა მას“, - განაცხადა პრემიერმა.
