"კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ საბოტაჟს და ექსტრემიზმს კანონი უნდა დაუპირისპირდეს" - პრემიერი

ქვეყნის გარედან საქართველოში პოლიტიკა არ უნდა ფინანსდებოდეს და ზუსტად ამ იდეას ემსახურება იმ კანონპროექტების პაკეტი, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბევრი რამის დაზუსტება იყო მნიშვნელოვანი  და აუცილებელი.

 

„კონკრეტული ადამიანები ცდილობენ ხვრელების პოვნას არსებულ კანონმდებლობაში და ასეთი გზით, საქართველოში პოლიტიკური პროცესების დაფინანსებას. რა თქმა უნდა, ქვეყნის გარედან საქართველოში პოლიტიკა არ უნდა ფინანსდებოდეს და ზუსტად ამ იდეას ემსახურება იმ კანონპროექტების პაკეტი, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში და რომელსაც იღებს საქართველოს პარლამენტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იყო სამარცხვინო პროპაგანდისტული სიუჟეტი, რომელიც მოამზადა „ბი-ბი-სი“-მ.

 

„ყველამ დაინახა, რომ „ბი-ბი-სი“-ზე გავრცელებული ეს ინფორმაცია იყო სრული სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი, აქედან გამომდინარე მათ მოუწიათ ამ ტყუილის აღიარება და შესაბამისად, სარჩელშიც არ ვხვდებით არავითარ მინიშნებას კამიტთან დაკავშირებით. ეს იყო სამარცხვინო პროპაგანდისტული სიუჟეტი, რომელიც მოამზადა „ბი-ბი-სი“-მ, რომელიც გამოირჩეოდა მაღალი რეპუტაციით.  საერთოდ არ აინტერესებთ, არც რეპუტაცია და არც არაფერი, მზად არიან, ნებისმიერი უხეში სიცრუე და ტყუილი გაავრცელონ „ბი-ბი-სი“-ს ეთერით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დეტალური ინფორმაცია გაავრცელა ამასთან დაკავშირებით. ის, რომ საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი ინფორმაცია ნივთიერების შესახებ, ეს არის ტყუილი. იმიტომ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა ბრიფინგი და დეტალურად გააცნო ეს ინფორმაცია საზოგადოებას. ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ არც ერთი საერთაშორისო დონეზე აკრძალული ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული შეკრების დაშლის დროს. ცრემლმდენი საშუალების გამოყენება, ეს არის მიღებული საერთაშორისო პრაქტიკა ძალიან ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში. ყველაფერი დანარჩენი არის „ბი-ბი-სის“ და სხვისი ტყუილები“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში კონსტიტუციური წყობილება და წესრიგი მკაცრად უნდა იყოს დაცული.

 

„ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური წყობილება, კონსტიტუციური წესრიგი, რომელიც უნდა იყოს მკაცრად დაცული. ამას უზრუნველყოფს კონსტიტუცია და ეს დამატებით უნდა უზრუნველყოს კანონმდებლობად. თუ კონკრეტული პირების ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, უნდა იმოქმედოს კანონმდებლობამ.

იცით, რომ არის 5 კონკრეტული ქვეყანა, რუსეთი და პლუს 4 ქვეყანა, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიის 20 %-ზე. და ქვეყნის შიგნით არიან ძალები, რომლებიც დანარჩენ 80 %-ზეც არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას, ჩვენთვის ერთნაირი პრობლემაა ისიც და ისიც. ერთია საერთაშორისო სუბიექტები, რომლებიც არ აღიარებენ ქვეყნის ტერიტორიის 20 %-ზე საქართველოს იურისდიქციას და მეორე არიან ქვეყნის შიგნით ძალები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის 100 %-ზე არ აღიარებენ ქვეყნის ხელისუფლების იურისდიქციას. ერთ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ოკუპაციის შესახებ კანონი, რომელიც უპირისპირდება პირველ პრობლემას, ახლა მიიღება ახალი კანონი, ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც უპირისპირდება მეორე პრობლემას. კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ საბოტაჟი და ექსტრემიზმი, ეს არის ის, რასაც კანონმდებლობა უნდა დაუპირისპირდეს,“- აღნიშნა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც არავითარი მტკიცებულება არ გაქვს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და მაინც აგრძელებ საბოტაჟს და აგრძელებ ექსტრემიზმს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, ამას უნდა დაუპირისპირდეს კანონმდებლობა. 

 

„როდესაც საუბარია არჩევნების ლეგიტიმაციაზე, გახსოვთ, როგორ წარიმართა პროცესები ჯერ 2020 წელს, შემდეგ 2024 წელს, მანამდე 2016 წელსაც იყო იგივე პროცესები. 2020 წელს მაგალითად, აცხადებდნენ, თითქოს არჩევნები იყო გაყალბებული და შემდეგ „გაყალბებულ პარლამენტში“ მთელი ოპოზიცია ერთად შელაგდა, როდესაც ხელი მოეწერა ე.წ. მიშელის შეთანხმებას. აღმოჩნდა, თურმე არ ყოფილა არჩევნები გაყალბებული და არც პარლამენტი ყოფილა ყალბი. იგივე ხდება მაგალითად 2024 წლის შემთხვევაშიც, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. ეუთო/ოდირმა თქვა, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და არჩევნები შედგა. ეუთო/ოდირმა არჩევნების შემდეგ ისაუბრა შემდგარ ინსტიტუტებზე, შემდგარ პარლამენტზე, ძალიან მკაფიოდ იყო ეს მათი მხრიდან ნათქვამი. არ იყო არავითარი დარღვევა, არჩევნები ჩატარდა ლეგიტიმურად, როდესაც არავითარი მტკიცებულება არ გაქვს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და მაინც აგრძელებ საბოტაჟს და როდესაც მაინც აგრძელებ ექსტრემიზმს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, ამას უნდა დაუპირისპირდეს კანონმდებლობა. 

 

რუსეთის ფედერაცია და ოთხი სხვა ქვეყანა არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე და საქართველოში არიან ექსტრემისტული ძალები, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე, ჩვენ ვუპირისპირდებით ერთსაც და მეორესაც. ერთ შემთხვევაში ვუპირისპირდებით ოკუპაციის შესახებ კანონით და მეორე შემთხვევაში, ვუპირისპირდებით ექსტრემიზმის შესახებ ჩანაწერით სისხლის სამართლის კოდექსში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, დებატების საგანი არ არის იმის გადახედვა, რაც წერია კონსტიტუციაში. 

„ყველა თემასთან დაკავშირებით პლუს-მინუსები შეიძლება იყოს განხილული, მათ შორის, განსაკუთრებით, იმ ყალბი კამპანიების ფონზე, რომლებიც წარიმართება. საზოგადოებას აჯერებენ, მაგალითად, როგორც ერთი ტყუილი იყო, რომ ეკა გიგაური წარადგენდა წელიწადში ერთხელ დეკლარაციას და ხვალ ვიღვიძებდით ჩელიაბინსკში, ასევე ატყუებენ ადამიანს, რომ ევროკავშირის წევრი თუ გავხდებით, ხვალ გავიღვიძებთ ბრიუსელში ან ბერლინში. ესეც ჩვეულებრივი ტყუილია. ასევე, ადამიანებს ეუბნებიან, კლიპებს ავრცელებენ იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, მას შემდეგ, რაც პირობითად ესტონეთი გახდა ევროკავშირის წევრი, ესტონეთის ეკონომიკა გაიზარდა ორჯერ და ა.შ. თქვენ რომ ნახოთ 2003 წლის შემდეგ, თუ არ ვცდები, 2003 წელს გაწევრიანდა ესტონეთი ევროკავშირში, რომ შეადაროთ ეკონომიკური ზრდა ესტონეთის,  ლიეტუვის, ლატვიის, პოლონეთის და ა.შ. და რომ აიღოთ საქართველოს ეკონომიკური ზრდა იმ მომენტიდან დღემდე, საქართველოში ეკონომიკა უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანებულ ქვეყნებში. ასეთი რაღაცებით არ შეიძლება მანიპულირება და არ შეიძლება ჭარბი ემოციების გამოწვევა საზოგადოებაში. დებატების საგანი არ არის იმის გადახედვა, რაც წერია კონსტიტუციაში. ეს დებატები ადამიანებს მისცემს იმის თქმის საშუალებას მაგალითად, რომ ეს გავრცელებული ინფორმაცია, პირობითად ეკონომიკასთან დაკავშირებით, არის სრული სიყალბე. ამით ცდილობენ ადამიანებში ჭარბი ემოციების გამოწვევას იმისათვის, რომ ეს ჭარბი ემოციები შემდეგ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართონ. ეს არასწორია. ამიტომ,  ზუსტად უნდა გაიგოს საზოგადოებამ,  ჭარბი მოლოდინები რომ არ შეიქმნას, რა შედეგებს იწვევს, მაგალითად ეკონომიკური კუთხით, ევროინტეგრაცია, რა პლუსები და მინუსები აქვს, სხვა თვალსაზრისით, რა პლუს-მინუსები აქვს ევროინტეგრაციას. ამასთან დაკავშირებით მსჯელობა არის აბსოლუტურად მიზანშეწონილი“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ორმაგი სტანდარტები, რასაც აჩვენებს ევროპული ბიუროკრატია.

 

„სადაც ობიექტურ გარემოებებს, ფაქტებს, არგუმენტებს ეფუძნება შეფასებები, ყველგან გვაქვს მოწინავე, ლიდერის პოზიციები. აქაც გასაკვირი არ არის. კანონის უზენაესობა საქართველოში არის რეგიონში ყველაზე მეტად დაცული. კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო არის მოწინავე და ლიდერი ქვეყანა. ეს არის უტყუარი ჭეშმარიტება, რომელიც ასახულია ობიექტურ დასკვნებში. ამისგან განსხვავდება უხეში, პოლიტიკურად მოტივირებული განცხადებები, რასაც აკეთებენ ხოლმე პოლიტიკოსები და ბიუროკრატები. ეს არის სტანდარტული შემთხვევები, რასაც ხშირად ვხედავთ. ეს არის ორმაგი სტანდარტები, რასაც აჩვენებს ევროპული ბიუროკრატია“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, დისკრიმინაციული ვერ იქნება სისხლის სამართლის ნორმა და ის ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს პოლიტიკოსს და არაპოლიტიკოსს.

 

„ვერც ერთ გვარზე ვერაფერს გეტყვით, გვარებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს, შესაბამისი უწყება. საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის საუბარი შედგა მილანში მიღების ფარგლებში.

 

„რაც შეეხება ამ განცხადებებს და გზავნილებს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენ გვინარჩუნებს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის განახლება და ურთიერთობების თვისებრივად განახლება, რაც არის ჩვენი სურვილი. ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება. ჩვენ ვაცხადებთ, რომ გვსურს სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით და კიდევ ერთხელ, ასეთი გზავნილები, რასაც ჩვენ ვისმენთ კონკრეტულად ამ შემთხვევაში რუბიოს მხრიდან, გვინარჩუნებს ოპტიმიზმს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. 

 

მიღებაზე იყო გასაუბრება, რაც გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში და ამ გასაუბრებამ მისცა ორივე მხარეს საკუთარი გზავნილების ერთმანეთთან გაზიარების საშუალება. ჩვენ მადლობელი ვართ ბატონი რუბიოსი, ეს გვინარჩუნებს ჩვენ ოპტიმიზმს სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით. 

 

ჩვენ ვეყრდნობით უშუალო კომუნიკაციას, რომელიც შედგა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, საგარეო საქმეთა მინისტრსა და პრეზიდენტს შორის. ეს არის ჩვენთვის საინტერესო. იქ მივიღეთ ჩვენ კონკრეტული გზავნილები, რაც კიდევ ერთხელ გვინარჩუნებს ოპტიმიზმს სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით. რამდენიმეწუთიან შეხვედრაზე დეტალები ვერ იქნებოდა განხილული. გაჟღერდა გზავნილი, რომელიც გვინარჩუნებს ოპტიმიზმს სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.