საგარეო უწყება ჰერჩინსკისთან შეხვედრის შესახებ EU-ს საელჩოსგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ევროკავშირის საელჩო საქართველოში განსხვავებულ აქცენტებს აკეთებენ ელჩ პაველ ჰერჩინსკისა და "ოცნების" მთავრობაში მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი ზურაბაშვილს შორის დღეს გამართულ შეხვედრაზე.

ევროკავშირის დელეგაციის ინფორმაციით, შეხვედრა მათი ინიციატივით ჩაინიშნა და მისი მიზანი „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების გამო შეშფოთების გამოხატვა იყო.

საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციის მიხედვით კი, შეხვედრაზე საუბრის თემა სანქციების გვერდის ავლის პრევენციასა და ყულევის ნავსადგურის სანქცირების მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იყო. სამინისტროს რელიზში „გრანტების შესახებ“ კანონზე საუბარი ნახსენები არ არის.

"საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელთან, ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს პოზიციის გადაცემა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შემზღუდავი ზომების დაცვისა და სანქციების გვერდის ავლის შემთხვევების აღკვეთა-პრევენციის მიზნით ქვეყნის მიერ გაწეული ძალისხმევის თაობაზე.

გიორგი ზურაბაშვილმა ევროკავშირის მხარეს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და სახელმწიფო უწყებების მუშაობაზე, საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთებისა და გემების გადაადგილების მონიტორინგისა და სანქცირებული ობიექტების გამოვლენის, ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებული საერთაშორისო აქტივობების გამოაშკარავების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ დაწესებული შემზღუდავი ზომების შესრულების მიმართულებებით. მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული მხარის ძალისხმევის, პროაქტიულად გატარებული ღონისძიებებისა და გამოვლენილი შემთხვევების თაობაზე ინფორმაცია, ანგარიშების სახით, რეგულარულად მიეწოდება საერთაშორისო პარტნიორებს, უპირველესად, კი ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებს.

გიორგი ზურაბაშვილმა აღნიშნა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს ყულევის ნავსადგურის ევროკავშირის სანქციების სიაში შესაძლო დამატების თაობაზე ყოვლად გაუგებარი, დაუსაბუთებელი და ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან ყულევის პორტში არ დაფიქსირებულა სანქცირებული გემის მიღების და/ან სანქციების გვერდის ავლის არცერთი შემთხვევა. მინისტრის პირველმა მოადგილემ დასძინა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან ყულევის ნავსადგურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით რაიმე კითხვა ან შენიშვნა არ მიუღია, იმ ფონზე, როცა წლების განმავლობაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის შემზღუდავ ზომებთან დაკავშირებით თანამშრომლობის კარგი პრაქტიკა ჩამოყალიბდა, რასაც სანქციებზე ევროკავშირის წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივენის, დადებითი შეფასებებიც მოწმობს.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები და წევრი ქვეყნები მხედველობაში მიიღებენ ობიექტურ ფაქტებსა და საქართველოს მიერ შემზღუდავი ზომების დაცვისა და სანქციების გვერდის ავლის შემთხვევების აღკვეთა-პრევენციის მიზნით გაწეულ მასშტაბურ ქმედებებს და, რაიმე ტიპის შეზღუდვების დაწესებით, ზიანს არ მიაყენებენ კასპია - შავი ზღვა - ევროპის სტრატეგიულ კორიდორსა და ევროკავშირის “შუა დერეფნის” ინიციატივას, რომლის განუყოფელი ნაწილი ყულევის ნავსადგურიცაა", - წერია სამინისტროს განცხადებაში.

საელჩოს განცხადებით კი, ელჩმა ჰერჩინსკიმ შეხვედრაზე ქართულ მხარეს მკაფიოდ განუმარტა, რომ:

კანონპროექტის ამ სახით დამტკიცება საფრთხეს უქმნის სამოქალაქო სივრცეს;
ცვლილებები შეუთავსებელია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებასთან;
პროცესი ეწინააღმდეგება ვენის კონვენციას და შესაძლოა ხელი შეუშალოს დიპლომატიური მისიების მუშაობას.