საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განმარტა, რა შემთხვევაში მოხდება უნივერსიტეტებში სტუდენტთა ჩარიცხვა გამონაკლისის სახით.
მინისტრის თქმით, დადგენილ კვოტებზე დამატებით სტუდენტთა მიღება გამონაკლისის სახით შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში:
თუ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ბოლო ადგილზე მოხვდა თანაბარი ქულების მქონე ორი ან მეტი სტუდენტი;
თუ საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე განაცხადებენ სწავლის სურვილს სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამის პროგრამაზე.
„უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის მთავარი მიზანია, ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს თანამედროვე სტანდარტების უმაღლესი განათლება, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, უზრუნველყოფილი არ არის. უნივერსიტეტებში მისაღები კვოტების სწორი პრინციპების შესაბამისად განსაზღვრა ამ შედეგის მისაღწევად კარგ და აუცილებელ ნიადაგს შექმნის“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები დაამტკიცა.
