პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 ათასამდე მოქალაქე მართვის მოწმობის დაბრუნებას შეძლებს - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა 1 იანვრიდან ეტაპობრივად განხორციელდება.
მასშტაბური ამნისტია შეეხებათ მძღოლებს, რომლებსაც მართვის მოწმობა სხვადასხვა სამართალდარღვევის გამო ჰქონდათ ჩამორთმეული. ამნისტია შეეხება ყველას, გარდა მძიმე ნარკოდანაშაულში ბრალდებულებისა, რაც დიდი ოდნობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვა/გასაღებას გულისხმობს.
ამნისტია არ შეეხება იმ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პირისთვის ჩამორთმეულ მოწმობას, რომელსაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების თანახმად, ის პირი, რომელსაც 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით ჩადენილი აქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე (სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა და სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებული სხვა, ცალკეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები) ან/და 123-ე (საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა) მუხლებით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ერთჯერადად გათავისუფლდება აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან, თუმცა იგი მაინც მიიჩნევა ადმინისტრაციულ სახდელდადებულად.
