საქართველოს აქვს უნიკალური, სტრატეგიული მდებარეობა, ჩვენ ტრადიციულად ვიყავით ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყანა და გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია და როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას ეს ტრადიციული ისტორიული ფუნქცია, ამაში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას აქვს განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის ახალი 8-კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს იხსნება სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის ახალი 8-კილომეტრიანი მონაკვეთი.
„მინდა, ყველას მოგილოცოთ ბარბარობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს, ბედობა დღეს ჩვენ ვხსნით ძალიან მნიშვნელოვან მონაკვეთს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის. ეს არის სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის ახალი 8-კილომეტრიანი მონაკვეთი, ეს არის კონკრეტულად ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი, რომელიც არის 4-ზოლიანი და არის უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების გზა, რომელიც 3 ახალ ხიდს, ასევე 2 სატრანსპორტო კვანძს მოიცავს. ეს იყო საკმაოდ რთული მონაკვეთი და მადლობა სამინისტროს იმისათვის, რომ სათანადო ხარისხითა და სათანადო ვადებში განხორციელდა ეს პროექტი.
ეს პროექტი სხვადასხვა თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, მათ შორის იმ კუთხითაც, რომ განიტვირთება ქალაქი ლანჩხუთი, ასევე მიმდებარე სოფლები და ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ნიშნავს ნაკლებ ხმაურს, მეტ კომფორტს, მეტ უსაფრთხოებას. მგზავრებისთვის ეს ნიშნავს შემცირებულ დროს და მეტ კომფორტს, შესაბამისად, სხვადასხვა თვალსაზრისით არის ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენი სტუმრებისთვის ამ პროექტის დასრულება. წელს ჩვენ უკვე გავხსენით რიკოთის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეს არის რიკოთის შემოვლითი გზა. დღევანდელი მონაკვეთი, 8-კილომეტრიანი მონაკვეთი არის 12-კილომეტრიანი სამტრედია-გრიგოლეთის გზის შემადგენელი ნაწილი. სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება და უახლოეს მომავალში დასრულდება მთლიანად ამ მონაკვეთის მშენებლობა.
საქართველოს აქვს როგორც მოგეხსენებათ, უნიკალური მდებარეობა, სტრატეგიული მდებარეობა, ჩვენ ტრადიციულად ვიყავით ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყანა და გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია და როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას ეს ტრადიციული ისტორიული ფუნქცია. ამაში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას აქვს განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ციფრები საუკეთესოდ ხელისუფლების დამოკიდებულებას საქმისადმი.
„დღეისათვის ქვეყანაში უკვე აშენებულია 383 კილომეტრი მაგისტრალური გზა. კიდევ ერთხელ უნდა შევადაროთ ჩვენი მონაცემები წინა ხელისუფლების მონაცემებს: სულ 68 კილომეტრი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი იყო აშენებული 2012 წლამდე საქართველოში. 2012 წლის შემდეგ აშენდა 315 კილომეტრი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი. ისიც გასათვალისწინებელია, რომ აქ საქმე გვაქვს ბევრად უფრო რთულ მონაკვეთებთან, რომელთა მშენებლობა უწევს ჩვენს ხელისუფლებას და კონკრეტულად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ეს ციფრები საუკეთესოდ აჩვენებს სხვაობას და აჩვენებს ჩვენს დამოკიდებულებას საქმისადმი. უახლოეს მომავალში დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მთლიანი დერეფნის მშენებლობა. ეს მოიცავს მთლიან მონაკვეთს, დაწყებული წითელი ხიდიდან, დამთავრებული სარფამდე.
ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს უახლოესი წლების განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ყველა მონაკვეთის მშენებლობის დასრულებას.
ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორების როლი ასეთი პროექტების განხორციელებაში. მადლობა მინდა გადავუხადო ევროპის საინვესტიციო ბანკს, რომლის თანამონაწილეობითაც განხორციელდა ეს პროექტი. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის თითოეულ მშენებელს, ინჟინერს, ყველას, ვინც იყო ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას და პირადად მინისტრს“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მომავალშიც გაგრძელდება მაქსიმალური მუშაობა იმისათვის, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად დაწინაურდეს იმ პარამეტრებით, რასაც ჰქვია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და რასაც ჰქვია ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა.
„ჩვენ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა გავაძლიერეთ ყველა მიმართულებით, ეს ეხება ფულის გათეთრების საკითხსაც და ეს უკვე აისახა კონკრეტულ ინდექსში. საქართველო არის 40 საუკეთესო ქვეყანას შორის ამ თვალსაზრისით ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის ვართ საუკეთესო ოცეულში, დიდი შვიდეულის 5 ქვეყანას ვუსწრებთ. ეს ყველაფერზე მეტყველებს. მომავალშიც გაგრძელდება მაქსიმალური მუშაობა იმისათვის, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად დაწინაურდეს იმ პარამეტრებით, რასაც ჰქვია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და რასაც ჰქვია ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, პრაქტიკულად, არავითარი რეალური კითხვა არ არსებობს ამ პროექტთან დაკავშირებით, შესაბამისად, პროექტი განხორციელდება.
„ეს კამპანიაც იყო ერთი ხელიდან კოორდინირებული. ზუსტად იგივე ხელი მართავს ამ პროცესებს, ვინც მართავდა მანამდე რევოლუციურ პროცესებს. თავიდან შემოიყვანეს სცენაზე „ლელო“, მას დააწყებინეს კამპანია, ამ უპრეცენდენტო და უნაკლო ინვესტიციის წინააღმდეგ, შემდეგ თანდათანობით გასწიეს გვერდზე „ლელო“ და გადააბარეს ეს კამპანია „ალტ ინფოს“, „პატრიოტთა ალიანსს“, „ნაცების“ ახალგაზრდულ ფრთას - ამ შავბნელ ძალებს. აქაც ჩანს მარტივი კოორდინაცია. ისინი პროექტის განხორციელებას ხელს ვერ შეუშლიან, მათ სურდათ ერთადერთი რამ, რომ ის პროექტი, რომელიც მართლაც უპრეცენდენტოა და რომელსაც შეუძლია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანა, წარმოეჩინათ ნეგატიურად. გარკვეულწილად, ეს შეძლეს, მთელი კამპანია იყო ამისათვის მომართული, ეს ყველაფერი იყო გარედან დაფინანსებული და მხარდაჭერილი, თუმცა, ისინი ვერ მიაღწევენ მიზანს, პროექტი განხორციელდება, 11 მლრდ ლარით გამდიდრდება ჩვენი ეკონომიკა და ქართული ეკონომიკის გამდიდრება ნიშნავს ამ სიკეთის გავრცელებას ფართო საზოგადოებაზე. თავად შეგიძლიათ განსაჯოთ, რას ნიშნავს 100 მილიარდიანი ეკონომიკისთვის 11 მილიარდის დამატება მხოლოდ ერთი პროექტის ხარჯზე. კამპანია უკვე ჩავარდნილია, ყველამ გაიგო, რომ არავითარი არაბიზაცია არ ხორციელდება. ჩვენ სრული ღიაობა გამოვხატეთ დისკუსიების კუთხით ამ თემასთან დაკავშირებით. პარლამენტშიც გვქონდა ამ საკითხის განხილვა. კითხვებიც კი ვერ დასვა რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა პარტიამ ამ თემასთან დაკავშირებით. შეგიძლიათ ამოიღოთ კითხვები. პრაქტიკულად, არავითარი რეალური კითხვა არ არსებობს ამ პროექტთან დაკავშირებით. შესაბამისად, პროექტი განხორციელდება. ჩვენს ეკონომიკას შეემატება 11 მილიარდი ლარი, ჩვენს ბიუჯეტს წლიურად შეემატება საშუალოდ 700 მილიონი ლარი და ეს ყველაფერი მოხმარდება ფართო საზოგადოებას, უფრო მეტად შევსებული ბიუჯეტი ნიშნავს მეტ სოციალურ პროექტს, მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტს“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროპული ბიუროკრატია უკვე პირდაპირ ითხოვს სანქციებთან მიერთებას.
„სრული ლუსტრაცია ხდება იმ ყველაფრის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. პირდაპირ უკვე ევროპული ბიუროკრატია ითხოვს სანქციებთან მიერთებას, მანამდე ერიდებოდნენ მაქსიმალურად ამაზე საუბარს, მერე შემოაპარეს ევროპარლამენტის რეზოლუციიდან, ახლა უკვე აღმასრულებელი შტოც ითხოვს სანქციებთან მიერთებას. მინდა შეგახსენოთ, თავის დროზე 2022 წელს მარტივი გაანგარიშება გავაკეთეთ და ვნახეთ, რომ სულ მცირე ეკონომიკის 10-პროცენტიან ვარდნას გამოიწვევდა სანქციებთან მიერთება. ბუნებრივია, ამის არავითარი მიზანშეწონილობა არ არსებობდა, შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ეროვნული ინტერესების შესაბამისად. მოგვიანებით, რადიკალური ოპოზიციაც კი გაემიჯნა ამ მოთხოვნას. ისინი ამბობდნენ, თითქოს არასდროს მოუთხოვიათ სანქციებთან მიერთება. სინამდვილეში სხვა პროცესებს ჰქონდა ადგილი, ახლა უკვე აღმასრულებელი შტო პირდაპირ ითხოვს სანქციებთან მიერთებას, რაც არის სრული ლუსტრაცია. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ არასდროს არავის ევროპული ბიუროკრატიიდან არ დაუყენებია იგივე მოთხოვნა მაგალითად მოლდოვის, ან სომხეთის ან რომელიმე სხვა ქვეყნის მიმართ. აქაც ჩანს ორმაგი სტანდარტები, აქ მაინც ვერ იტყვის ქალბატონი კალასი, რომ მოლდოვას არ სურს ევროკავშირში გაწევრიანება.
ყველგან არის ორმაგი სტანდარტები, არიან კონკრეტული ქვეყნების პრემიერ-მინისტრები, რომლებსაც შეუძლიათ, ევროპიდან გადაფრინდნენ მოსკოვში. ჩვენ აქ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, ეს არის შესაბამისი ქვეყნების საქმე, მაგრამ ორმაგი სტანდარტებია ცუდი, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. ერთ შემთხვევაში ერთი რამ შეიძლება იყოს მოსაწონი და მეორე შემთხვევაში 10-ჯერ ნაკლებ მოცემულობას, შეიძლება ჰქონდეს მკვეთრად უარყოფითი რეაქცია. სამარცხვინოა ის ორმაგი მიდგომები, რომლებსაც ავლენს ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, როდესაც დასკვნაში საუბარია იმ ადამიანების დაკავებებზე, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართულები რევოლუციურ პროცესებში, გამოდის, რომ ევროპული ბიუროკრატია პასუხისმგებლობას იღებს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ აქტებზე.
„დაკავებულები არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართულები რევოლუციურ პროცესებში, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმაში. გამოდის, რომ ევროპული ბიუროკრატია პასუხისმგებლობას იღებს ამ აქტებზე, რასაც ჰქვია აქტები სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ. მე, ევროპული ბიუროკრატიის ადგილას, რა თქმა უნდა, ასეთ კრიმინალურ აქტებზე პასუხისმგებლობას არ გავიზიარებდი და არ ავიღებდი. რაც შეეხება კანონმდებლობას, თქვენ იცით, რომ საუბარია „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე და აქ არავითარი კრიტიკის საფუძველი არ არსებობს. ჩვენ ამ კანონმა მოგვცა ყველაფრისთვის სახელის დარქმევის საშუალება და ეს იყო ამ კანონის მთავარი მიზანი. ყველაფერს დაერქვა სახელი, სახელი დაერქვა ე.წ. „ენჯეოებს“, ე.წ. „სამოქალაქო საზოგადოებას“, უცხოურ აგენტურას დაერქვა, რეალურად, თავისი სახელი. საბოლოო ჯამში, ეს არ მოსწონს ვიღაცას ევროპულ ბიუროკრატიაში. აქაც, მათ ადგილას, მე არ ავიღებდი პასუხისმგებლობას იმ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში ახორციელებდნენ კონკრეტული ორგანიზაციები, ე.წ. ენჯეოები და ე.წ. „სამოქალაქო საზოგადოების“ ორგანიზაციები. მე ამ განცხადებას დავარქმევდი პასუხისმგებლობის აღებას კრიმინალსა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე, რომელიც ხორციელდებოდა ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ,“- განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, ევროკავშირის მიმართ საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა დაფუძნებულია კონკრეტულ ფაქტებზე, კონკრეტულ გარემოებებზე და ამაზე უნდა დაფიქრდეს ევროკავშირის ბიუროკრატიის ყველა წარმომადგენელი.
„ქალბატონი კალასის პასუხი ძალიან სუსტი იყო. მას კონკრეტული კითხვა დაუსვეს და აქ აშშ-ის გაწევრიანება ევროკავშირში არაფერ შუაშია. კონკრეტული კითხვა იყო დასმული ორმაგ სტანდარტებთან დაკავშირებით. ამ კითხვაზე პასუხს გვერდი აუარა ქალბატონმა კალასმა, იმიტომ, რომ ამ კითხვაზე პასუხი უბრალოდ არ არსებობს. თვალსაჩინოა, რომ ორმაგი სტანდარტებია, რომელსაც იყენებს ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით და კონკრეტულად, აშშ-სტან მიმართებით. რაც შეეხება იმ კრიტიკას, რომელიც ჩვენგან ისმოდა მთელი ამ წლების განმავლობაში და რომელსაც ახლა იმეორებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია, ეს კრიტიკა დაფუძნებულია კონკრეტულ ფაქტებზე, კონკრეტულ გარემოებებზე და ამაზე უნდა დაფიქრდეს ევროკავშირის ბიუროკრატიის ყველა წარმომადგენელი და არ უნდა სცადოს დასმულ კითხვებზე გვერდის ავლა“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ ნატოს მხრიდან არავითარი ღია კარის პოლიტიკა არ არსებობდა.
„ეს იყო ფარსი, სინამდვილეში არსებობდა ორპირი ქარის პოლიტიკა, რომლის მსხვერპლი აღმოჩნდა ჯერ საქართველო 2008 წელს და შემდეგ უკრაინა, ორჯერ 2014 წელს და 2022 წლიდან. ეს მიდგომები იცვლება. ჩვენ პრაგმატულად დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას იმისდა მიხედვით, თუ როგორი იქნება ნატოს პრიორიტეტები, შესაბამისი ქვეყნების პრიორიტეტები, ბუნებრივია, ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
