2025 წელი მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მთლიანად მოვახერხეთ ჩვენი მართვის სისტემის გაუმჯობესება - მთლიანად შეიცვალა სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელობა, ასევე, ეკონომიკური გუნდის შემადგენლობა თითქმის მთლიანად შეიცვალა და ამ ცვლილებებმა სერიოზული შედეგები მოგვცა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „აქტუალური თემაში“ განაცხადა.
პრემიერის თქმით, 2025 წლის მთავარი მიღწევა იყო მშვიდობის, სუვერენიტეტის შენარჩუნება და ამით ხელისუფლებამ უზრუნველყო იმ პროცესის გაგრძელება, რაც დაკავშირებულია ეკონომიკის განვითარებასთან.
„2025 წლის მთავარი მიღწევა იყო ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის, სუვერენიტეტის შენარჩუნება და ამით უზრუნველვყავით იმ პროცესის გაგრძელება, რაც დაკავშირებულია ეკონომიკის განვითარებასთან. მშვიდობის გარეშე არც ერთი ეს შედეგი არ იქნებოდა. ასევე, 2025 წელი მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მთლიანად მოვახერხეთ ჩვენი მართვის სისტემის გაუმჯობესება. მთავრობაში გვქონდა არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, ეს განსაკუთრებით შეეხო ჩვენს ეკონომიკურ და სამართალდამცავ გუნდს. სამართალდამცავი მიმართულებით ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხელშესახები შედეგები, რისთვისაც მადლობა უნდა გადავუხადოთ შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებს. რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოტიკულ დანაშაულთან, კორუფციულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით. ასევე, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის მიმართულებით გვაქვს უპრეცენდენტო შედეგები. რა თქმა უნდა, ეს არის სამართალდამცავი ბლოკის დამსახურება და იმ ახალი სახეების დამსახურება, რომელიც ჩვენს გუნდში არიან - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალური პროკურორი. მთლიანად შეიცვალა სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელობა და ამან მოგვიტანა კონკრეტული შედეგები. ასევე, ეკონომიკური გუნდის შემადგენლობა თითქმის მთლიანად შეიცვალა და ამანაც სერიოზული შედეგები მოგვცა. ის ეკონომიკური მონაცემები რაც გვაქვს, ამ ყველაფრის შედეგიც არის. კორუფციასთან ბრძოლა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. ის ყველაფერი, რაც ამ მიმართულებით გაკეთდა, მოგვცემს საშუალებას, რომ ბევრად უფრო მეტი წარმატებით ვიზრუნოთ ეკონომიკის განვითარებაზე და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. შესაბამისად, 2025 წელი იყო ძალიან პრინციპული, სისტემის გადაწყობის თვალსაზრისით, და ამ ყველაფრის შედეგებს, საზოგადოება ხელშესახებად იგრძნობს მომავალ წელს და მომდევნო წლების განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, რაზეც საქართველოს ხელისუფლება საუბრობდა წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დრეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები.
„მე მახსოვს ის დრო, როდესაც ტაბუდადებული თემა იყო ენჯეოები, დასავლური დაფინანსების გამოყენება მანკიერი მიზნებისთვის და ა.შ. 2016-2017 წლები რომ გავიხსენოთ, ხმას ვერ ამოიღებდი ამასთან დაკავშირებით. შემდეგ ჩვენ თანდათან დავიწყეთ საუბარი ამ თემაზე. ძირითადად ეს მოხდა 2022 წლიდან. ფარდა ავხადეთ ყველაფერს - რისთვის გამოიყენებოდა ენჯეოები, რისთვის არის შექმნილი ზოგადად, ეს ინსტიტუტი და კონკრეტულად, საით იყო მიმართული უცხოური დაფინანსება. რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დრეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები. იგივე კამპანია გახსოვთ თქვენ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, როდესაც რუსული კანონი დაარქვეს მას. პირდაპირ გვისვამდნენ კითხვას, რომ როგორ შეიძლება, რომ დასავლური ფული გამოიყენებოდეს უარყოფითი მიზნებისთვის? ამაზე საუბარიც კი არ შეიძლებოდა. უმძიმესი მიზნებისთვის გამოიყენებოდა მაშინ დასავლური დაფინანსება - ეს არ იყო მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის მცდელობა, ეს იყო ეკლესიაზე გამუდმებული თავდასხმები. მთელი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ შეგვეწყვიტა ეს კამპანიები მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, რომელიც წარიმართებოდა პირველ რიგში, ენჯეოების მეშვეობით. ეს არ იყო მხოლოდ „სირცხვილია“ და ღიად ექსტრემისტული ორგანიზაციები. ეს იყო მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და ე.წ წამყვანი, ყველაზე მდიდარი ენჯეოები. ისინიც იყვნენ ჩართულები ამ ყველაფერში. რასაც ვამბობდით ჩვენ ამ სამი-ოთხი წლის განმავლობაში, დღეს იგივეს იმეორებს ტრამპის ადმინისტრაცია, სახელმწიფო მდივანი, კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირი. გარდა ამისა, ამას მოჰყვა USAID-ის, NED-ის დახურვა. ჩვენ გვეკრძალებოდ საუბარი იმაზე, რომ USAID-ი და NED-ი ცუდ რაღაცეებს აფინანსებდნენ საქართველოში. ამერიკული ადმინისტრაცია დღეს აღიარებს ყველაფერს, რაზეც ჩვენ საუბარსაც კი გვიკრძალავდნენ და პრორუსულ ძალად, ანტიდასავლურ, ანტიევროპულ ძალად გვრაცხავდნენ იმის გამო, რომ ჩვენ ვსაუბრობდით ამ მახინჯ დაფინანსების მოდელზე, თუმცა დღეს უკვე ამერიკულმა ადმინისტრაციამ აღიარა ეს ყველაფერი“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც პარლამენტი იღებდა კანონს გამჭვირვალობის შესახებ, ენჯეოებმა ის რუსულ კანონად მონათლეს და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს.
„რაც შეეხება ენჯეოებს და ე.წ. სამოქალაქო საზოგადოებას, ეს იყო დალაგებული ფარსი. ტერმინი არასამთავრობო ორგანიზაცია არის უკვე ტყუილი. ტერმინი სამოქალაქო საზოგადოება უკვე არის ტყუილი. სინამდვილეში, არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები არ არსებობდნენ საქართველოში. სინამდვილეში, ესენი იყვნენ უცხოური სამთავრობო ორგანიზაციები, უცხოური მთავრობების დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციები. დაფინანსების წყარო რაც არის, ბუნებრივია, იმ ინტერესის გატარება ხდება. ამაზე საუბარიც კი აკრძალული გვქონდა და რუსულ კანონად მაგიტომ მონათლეს კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ. არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები. არ არსებობს არავითარი სამოქალაქო საზოგადოება. თუ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, გამოდის, რომ უნდა არსებობდეს არასამოქალაქო საზოგადოებაც. წარმოიდგინეთ, რომ ლომჯარია და გიგაური არიან სამოქალაქო საზოგადოება და უნივერსიტეტის პროფესურა არის არასამოქალაქო საზოგადოება, შემოქმედებით სფეროში მოღვაწე ადამიანები, ან ჟურნალისტები და ა.შ. არის არასამოქალაქო საზოგადოება. ტერმინებიც კი ფარსი იყო, ამაზე ჩვენ საუბარს ვერ ვბედავდით წლების განმავლობაში და ამაზე საუბარი დავიწყეთ 2022 წლიდან. ჩვენ სიმართლეს ავხადეთ ფარდა მტკივნეული პროცესების ფონზე. გახსოვთ, რამდენი ადამიანი მოატყუეს, როდესაც ჩვენ ვიღებდით კანონს გამჭვირვალობის შესახებ და დააჯერეს, რომ როგორ შეიძლება, რომ დასავლეთიდან წამოვიდეს უარყოფითი, მანკიერი მიზნებისთვის თანხები და ამ ტყუილში აცხოვრებდნენ ადამიანებს“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს, როდესაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 35 წლის თავზე მსგავსი სტანდარტებით მოქმედებენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი არ არიან მხოლოდ დაბალი ინტელექტით გამორჩეულები, არამედ ისინი იმ ძალების დაკვეთას ასრულებენ, რომელთაც არ სურთ, საქართველომ განაგრძოს პრაგმატული პოლიტიკა.
„იყო ცარიელი სპეკულაციები, ხედავთ, რა არის რადიკალების ზოგადი მიდგომა და ამას დავალებით აკეთებენ - მათ სურთ, რომ ხელისუფლებას გამოაცალონ ის პრაგმატული საფუძვლები, რომლებიც ჩვენ გვაქვს პოლიტიკის წარმოებისას. ამის გაგრძელება იყო ეს სპეკულაციური კამპანიაც. მე მახსენდება 1990 წელი, როცა კონკრეტულმა ადამიანებმა გადაკეტეს სამტრედიის რკინიგზა იმისათვის, რომ მოერღვიათ საბჭოთა სისტემა. სამტრედიის რკინიგზის გადაკეტვით უნდოდათ საბჭოთა სისტემის მოშლა და მორღვევა. დაახლოებით, ამ დონეზე არიან ეს ადამიანები. თუმცა მაშინ კიდევ ვერ გაამტყუნებდი იმ ადამიანებს, ქვეყანას ახალი მოპოვებული ჰქონდა დამოუკიდებლობა, არც ჰქონდა დამოუკიდებლობა მოპოვებული, პოლიტიკა მანამდე არც არსებობდა, გამოცდილება არ არსებობდა და მაშინ ცხელ გულზე შეიძლებოდა, ადამიანებს ასეთი რამ გაეკეთებინათ, მაგრამ დღეს, როდესაც 35 წლის თავზე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ასეთი სტანდარტებით მოქმედებენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ეს უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი არ არიან მხოლოდ დაბალი ინტელექტით გამორჩეულები, ისინი დავალებებს ასრულებენ, იმ ძალების დაკვეთას ასრულებენ, რომელთაც არ სურთ, საქართველომ განაგრძოს ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც დღემდე აწარმოებდა. ეს არის ცარიელი სპეკულაციები, თვითონაც იციან, რომ აქ სასპეკულაციო არაფერი იყო, მათ სურდათ აქედან მუხტი შეექმნათ, თუმცა ვნახეთ, რომ ჩაუვარდათ, ვინაიდან საზოგადოება ჯანსაღად აფასებს ყველაფერს და საზოგადოება არის ჯანსაღი და პრაგმატული პოლიტიკის მომხრე,“- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აბსურდია საუბარი იმაზე, რომ ვინმე სხვა გასცემდა ბრძანებებს, ვინაიდან შინაგან საქმეთა მინისტრს ექვემდებარებოდა მთლიანად საპოლიციო ძალები და ახლა გამოსავალი არ აქვს გახარიას, იმდენად ჩიხურ სიტუაციაშია შესული.
„აბსურდია საუბარი იმაზე, რომ ვინმე სხვა გასცემდა ბრძანებებს, შინაგან საქმეთა მინისტრს ექვემდებარებოდა მთლიანად საპოლიციო ძალები და შესაბამისად, მინისტრსა და მის ქვემდგომებს ემორჩილებოდნენ, ბუნებრივია, მაშინ პოლიციელები, რომლებიც იღებდნენ ბრძანებებს და ამ ბრძანებებს კეთილსინდისიერად ასრულებდნენ. წარმოიდგინეთ, რომ ხართ შინაგან საქმეთა მინისტრი და თქვენს მაგივრად მიიღო ვიღაცამ გადაწყვეტილება, რასაც მოჰყვა ადამიანებისთვის ასეთი მძიმე ზიანი. ვიღაცა თავზე გადაგახტათ ამ დონეზე და მერე რჩებით თანამდებობაზე, მერე იღებთ დაწინაურებას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ხომ გასაგებია აქ რასთანაც გვაქვს საქმე. გასასვლელი არ აქვს, გამოსავალი არ აქვს გახარიას, ანუ იმდენად მძიმე მდგომარეობასა და ჩიხურ სიტუაციაშია შესული რომ არავითარი გასასვლელი არ აქვს მას ამ მძიმე მდგომარეობიდან. რა თქმა უნდა, ის თავს ვერ გაიმართლებს, მითუმეტეს, რომ აღიარებითი ჩვენება აქვს მიცემული ფართო საზოგადოებისთვის,“- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს გამოძიება დაწყებული აქვთ და ეს გამოძიება სტასბურგის სასამართლოს მითითების საფუძველზე განახლდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერს მოეფინოს ნათელი, მათ შორის სახელების და გვარების დონეზე, ვინ რას აკეთებდა. არსებობს აღიარებითი ჩვენებებიც. თავის დროზე, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებდა, რომ ყველაფერზე იღებდა პასუხისმგებლობას და ყველაფერზე ის იყო პასუხისმგებელი, მათ შორის კონკრეტულ ბრძანებებზე და რეზინის ტყვიების გამოყენებაზეც. ახლა სხვანაირად საუბრობენ მისი პარტიის წარმომადგენლები, თუმცა ეს აღიარებითი ჩვენება არსად არ წასულა, არსებობს შესაბამისი მასალები. თუმცა, კიდევ უფრო მეტი ჩაღრმავება არის მნიშვნელოვანი და ბუნებრივია, ჩვენც მაქსიმუმს გავაკეთებთ ჩვენი გამოძიების ფარგლებში, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ბიბისის“ წინააღმდეგ დავის დაწყება ძალიან მალე იგეგმება.
„ზეგ გვაქვს შეკრება, სადაც სარჩელის შინაარსსაც განვიხილავთ და მალე დაიწყება შესაბამისი სამართლებრივი პროცესი. პირველ რიგში შევიტანთ შესაბამის სარჩელს იქაურ მარეგულირებელ კომისიაში, ბრიტანულ კომისიაში და შემდეგ საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ შესაბამის ინსტანციებს. 10 მილიარდს მოვითხოვთ თუ არა, არ ვიცით. ფინანსური მოთხოვნა ნაკლებად აქტუალურია, ჩვენთვის მთავარია, რომ ის სამარცხვინო ტყუილი უარყოს „ბიბისიმ“, რომელიც მათ გაავრცელეს სრულიად შეგნებულად, დაკვეთით და დავალებით და ამაში მე ვარ დარწმუნებული. დანარჩენი დადგინდება კონკრეტული განხილვის საფუძველზე.
რამდენად სამარცხვინო იყო ეს ტყუილი შეგვიძლია, ამაზე ვიმსჯელოთ. არ არსებობს მოწამლული ადამიანი, არ არსებობს მსხვერპლი და ამ პირობებში შენ ამტკიცებ, რომ ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული დემონსტრანტების წინააღმდეგ. საოცარი ტყუილია, ხომ არ შეიძლება ვიღაცას დააბრალო ატომური ბომბის ჩაგდება, როდესაც აფეთქებული არ არის არაფერი. საოცრებაა, რაც აქვთ ნათქვამი ამ სიუჟეტში. მსხვერპლი არ არსებობს და საუბრობენ ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე, ამიტომ ჩვენ პრინციპულად გავყვებით ამ პროცესს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია „ბიბისი“, ვამხილოთ ამ სამარცხვინო ტყუილის გავრცელებაში.
„ბიბისის“ სტანდარტები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არის ფაქტობრივად ნულამდე დასული. ტრაგიკულია მდგომარეობა, რომელიც არის ამ ტელევიზიაში შექმნილი, თუმცა ჩვენთვის პრინციპულია, რომ ვამხილოთ ის ტყუილი, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გაავრცელეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველომ უარი თქვა მეორე ფრონტის გახსნაზე და აქედან იწყება კოორდინაცია, იწყება ჯერ სანქციების მოთხოვნა, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნა, შემდეგ იწყება უკვე უკრაინის ხელისუფლების მიერ ელჩის გაწვევა, აქ იწყება აქციები ქუჩაში, რადიკალური ოპოზიციის აქციები.
„აქ სრული კოორდინაცია იყო უკრაინის ხელისუფლება იქ, რადიკალური ოპოზიცია აქ. კონკრეტული მოთხოვნები კონკრეტული ელჩების მხრიდან და ამას მერე დაემატა ევროპარლამენტის რეზოლუციები. ექვსი სხვადასხვა რეზოლუცია მიიღეს უკვე თვლაც აგვერია და ასევე შუალედში იყო ევროკავშირის გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის უართან დაკავშირებით. შემდეგ წელიწადნახევარში გამოვიბრძოლეთ კანდიდატის სტატუსი. შემდეგ დაიწყო შანტაჟი მოლაპარაკების გახსნის თემით, იქ იყო მერე სანქციები, ბაიდენის ადმინისტრაცია, ბრიტანეთი სხვა მიმართულებებით ევროკავშირის ქვეყნები და ა.შ. ეს ყველაფერი იყო კოორდინირებული. სრული კოორდინაცია იყო ამ ყველაფრის უკან. იყო მარტივი ინტერესი, უკრაინას და საქართველოს ერთად უნდა ებრძოლათ რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ ამაში არ გავყევით. სრულიად ირანციონალური იქნებოდა ამ ყველაფერში შეყოლა.
გვესმოდა თავიდანვე რომ დიდ ძალასთან გვქონდა საქმე ამ არაფორმალურძალასთან, რომელიც მართავდა იმ დროისათვის პროცესებს აშშ-ში და ევროკავშირში, დღესაც ხედავთ, რამხელა გავლენა აქვთ. ვიცოდით წინააღმდეგობა დიდი იქნებოდა ჩვენი ამ უარყოფითი გადაწყვეტილების საფუძველზე, თუმცა შეგნებულად შევედით ამ ბრძოლაში, რადგან სხვა ალტერნატივა არ არსებობდა იმისათვის, რომ დაგვეცვა ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ეროვნული ინტერესები. ამიტომ უალტერნატივო ბრძოლაში შევედით და ჯერჯერობით წარმატებით ვართმევთ ამ ყველაფერს თავს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, იმისთვის, რომ სხვა პასუხისმგებლობით მოეკიდონ ადამიანები მომავალში სხვა სამართალდარღვევებს, კანონმდებლობა გამკაცრდა.
„არსებობდა დისკრეცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა შესაძლებლობა, ვადის ნახევრის ამოწურვის შემთხვევაში გაეუქმებინა შესაბამისი შეზღუდვა და ეს დისკრეცია უქმდება. მომავალში კიდევ უფრო მეტი სიმკაცრით მოვეკიდებით ასეთ სამართალდარღვევებს, თუმცა ამ შემთხვევაში მივიღეთ ეს ჰუმანური გადაწყვეტილება, რითაც ჩვენი 30 ათასზე მეტი თანამოქალაქე ისარგებლებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
