ახლო აღმოსავლეთის ომში ჰეზბოლაც ჩაერთო - ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით პირველი იერიში განხორციელდა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 43
ლიბანიდან ისრაელის ჩრდილოეთ რეგიონების, მათ შორის ხაიფასა და კირიათ-შმონას მიმართულებით, ომის დაწყების შემდეგ პირველი სარაკეტო იერიში განხორციელდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ლიტანის მდინარის სამხრეთით მდებარე ტერიტორიიდან ტერორისტულ ორგანიზაცია ჰეზბოლას მიერ ნასროლი ერთ-ერთი რაკეტა საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო, დანარჩენი კი ღია სივრცეში ჩამოვარდა. ოფიციალური მონაცემებით, იერიშის შედეგად მსხვერპლი ან ნგრევა არ ფიქსირდება.
პარალელურად, ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ, დასავლეთ გალილეასა და მკვდარი ზღვის მიმდებარე ტერიტორიებზე, უპილოტო საფრენი აპარატების შეჭრის საფრთხის გამო მუდმივი განგაში გამოცხადდა. ისრაელის გენერალური შტაბის უფროსმა ოპერაციის გაგრძელების გეგმები დაამტკიცა და აღნიშნა, რომ ჯარს წინ ბრძოლის კიდევ არაერთი დღე ელის. თავდაცვის ძალები ლიბანიდან განხორციელებულ თავდასხმაზე მკაცრი საპასუხო ზომებისთვის ემზადება.
შეგახსენებთ, ეს გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში მოქმედი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, ჰეზბოლას მხრიდან ისრაელზე სარაკეტო იერიშის პირველი ფაქტია. წამყვანი საერთაშორისო მედიის, მათ შორის Reuters-ის ინფორმაციით, მსგავსი ესკალაცია კონფლიქტში ტერორისტული ორგანიზაციის პირდაპირი ჩარევის ნიშნებს აჩენს, რაც რეგიონული დაპირისპირების მასშტაბებს მკვეთრად ზრდის. შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, ისრაელის მასშტაბით 12 მარტამდე დაგეგმილი ყველა სპორტული ღონისძიება გაუქმდა.
No article in the selected categories
