აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტები დაბომბა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა პარტნიორმა ძალებმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნეებზე ფართომასშტაბიანი დარტყმები განახორციელეს. ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დარტყმების განხორციელების ბრძანება შაბათს გასცა. ოპერაცია Hawkeye Strike-ის ნაწილია და 13 დეკემბერს სირიაში აშშ-ის ძალებზე „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ განხორციელებულ სასიკვდილო თავდასხმაზე საპასუხო რეაქციაა.

„ჩვენი გზავნილი კვლავ მტკიცეა: თუ ზიანს მიაყენებთ ჩვენს მებრძოლებს, ჩვენ გიპოვით და გაგანადგურებთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ეცდებით მართლმსაჯულებას დაემალოთ“, - აღნიშნულია სარდლობის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დარტყმების ზუსტი ადგილი და მსხვერპლის რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

ოპერაციას სოციალურ ქსელებში აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტიც გამოეხმაურა.

„ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ და არასოდეს დავიხევთ უკან“, - დაწერა მან X-ზე.