ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ბერლინში აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ბერლინში აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მიიღო ყველა საჭირო სიგნალი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის უახლეს წინადადებებთან დაკავშირებით და მზადაა დიალოგისთვის, „რომელიც დღეს დაიწყება“.

„დღეს ბერლინში უკრაინულ-ამერიკული დღეა. რა თქმა უნდა, მე ცალკე შევხვდები კანცლერ მერცს და, სავარაუდოდ, დღეს საღამოს კიდევ ერთხელ შევხვდები მას ჩვენს ზოგიერთ ევროპელ ლიდერთან ერთად“, – განაცხადა ზელენსკიმ ბერლინში გამგზავრებისას.

ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზოგიერთმა ევროპელმა პარტნიორმა არ დაუჭირა მხარი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, როგორც უსაფრთხოების გარანტიას. მისივე თქმით, უკრაინის სურვილი თავიდანვე იყო ნატო-ში გაწევრიანება და ეს იყო უსაფრთხოების რეალური გარანტია.

„ზოგიერთმა პარტნიორმა, როგორც შეერთებულმა შტატებმა, ასევე ევროპაში, არ დაუჭირა მხარი ამ მიდგომას. ამიტომ დღეს უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიები – კერძოდ, მე-5 მუხლის მსგავსი გარანტიები შეერთებული შტატებისგან ჩვენთვის და უსაფრთხოების გარანტიები ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან, ასევე სხვა ქვეყნებისგან, როგორებიცაა კანადა, იაპონია და სხვები – ეს უსაფრთხოების გარანტიები ჩვენთვის შესაძლებლობაა, რომ თავიდან ავიცილოთ რუსული აგრესიის კიდევ ერთი ტალღა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს უკრაინის მხრიდან უკვე კომპრომისია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენლები ბერლინში დღეს დილით ჩავიდნენ. მანამდე „უოლ სთრით ჯორნალმა“ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ ბერლინში მოლაპარაკებებისთვის სტივ უიტკოფი ჩავიდოდა.