ორგანიზატორები ვიყავით მე და „ქართული ოცნება“. მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩემს დაძახებულზე ხალხი გამოსულიყო რუსთაველზე, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისივე თქმით, 4 ოქტომბერი ისტორიული დღე იყო.
„თავის გასასამართლებლად არ მოვსულვარ, ეს იყო ისტორიული დღე, მივიღეთ დეკლარაცია. ასევე, კენჭი ვუყარეთ ადამიანებს. ისინი არიან ეჭვმიტანილები კონსტიტუციის უხეში დარღვევის გამო. აქციაზე შვილიშვილთან ერთად ვიყავი, რა ძალადობაზეა საუბარი? ორგანიზატორები ვიყავით ორნი: მე და „ქართული ოცნება“. მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩემს დაძახებულზე ხალხი გამოსულიყო. რაც შეეხება ვიდეოს, სადაც ყველანი ვჩანვართ, ძალიან დიდი ალბათობა იყო, რაიმე პროვოკაცია მომხდარიყო. მინდოდა, ხალხისთვის მეთქვა, რომ სხვებისთვის არ დაეჯერებინათ, იქვე იდგნენ ეს ადამიანები და დავუძახე. სცენაზე ასვლას რაც შეეხება, იქ ყველას შეეძლო ამოსულიყო და ვისაც რა მოესურვებოდა, ის ეთქვა. სასახლისკენ გადასვლა აღვიქვი ისე, რომ იქ უნდა გაგვეგრძელებინა მიტინგი. ღობე ჩამოგდებული დაგვხვდა, მაგრამ ვინაიდან ნათქვამი მქონდა, რომ მე ვიღებდი პასუხისმგებლობას, გადავედი ეზოში, სპეცრაზმელებს ვუთხარი, ხალხზე ხელი არ აეწიათ. ხალხზე ხელი არ აუწევიათ, მაგრამ გოჩა პატარიძემ ორი მეტრიდან სპრეი შემასხა. გამოვედი გარეთ, როგორც კი მოვსულიერდი, განმეორებით გადავედი, ისევ მოვუწოდებდი, ხელი არ აეწიათ ხალხზე და მეორედ შემასხეს სპრეი. ამის შემდეგ გადავედი რუსთაველის გამზირზე, თვალები დამწვარი მქონდა. ხალხს მოვუწოდე, პროვოკაციას არ აჰყოლოდნენ. შემდეგ ცუდად გავხდი და საავადმყოფოში გადამიყვანეს, მაღალი წნევა მქონდა. საავადმყოფოში შემოვიდნენ სამართალდამცველები და ექიმს უთხრეს, რომ უნდა წავეყვანე. ექიმმა თქვა, რომ ხვალამდე ჩემს თავს ვერ გაატანდა. შემეცოდა ექიმი, ამიტომ ხელი მოვაწერე, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას ვიღებდი და პოლიციას გავყევი.
დეკლარაციის ტექსტი ხალხმა შეადგინა, მათ შეადგინეს სია. არანაირი შეხვედრები არ გვქონია და არც საჭირო იყო. პოლიტიკური პარტიები მონაწილეობას არ იღებდნენ. აქციის დეტალებს რაც შეეხება, მერიაში მივედი და განცხადება მივიტანე, მივუთითე დრო, ადგილი. მანამდე კახა კალაძეს ვთხოვე, ეროვნული სტადიონი დაეთმო, რაზეც დამცინავად გვითხრა, რომ პატარა მოედანს გვიქირავებდა. კიდევ კარგი, არ დაგვითმო ეროვნული სტადიონი, თორემ ამდენი ადამიანი სად უნდა დაგვეტია. „მშვიდობიან დამხობაში“ ძალადობის ნიშნები თუ ამოიკითხეს, მაშინ რატომ არ დამაკავეს? ხაბეიშვილი თუ დააკავეს იმის გამო, რომ მომავალში ვიღაცას რაღაცას ჰპირდებოდა, მე რატომ არ დამაკავეს?“ – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.