ფოთისა და ბაქოს ნავსადგურებს შორის სპეციალური ბლოკ-მატარებელი დაინიშნა - რკინიგზა

ფოთისა და ბაქოს ნავსადგურებს შორის სპეციალური ბლოკ-მატარებელი დაინიშნა, რაც ორ პორტს შორის ტვირთის ტრანზიტის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

რკინიგზის ცნობით, პირველი ბლოკ-მატარებლის ფოთის ტერმინალში შემოსვლასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

როგორც საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ორ ნავსადგურს შორის ბლოკ-მატარებელი რეგულარული გრაფიკით იმოძრავებს და დადებით გავლენას მოახდენს კონტეინერების გადაზიდვის პროცესის გამარტივებასა და სატრანზიტო დროის შემცირებაში. კერძოდ, მათი განცხადებით, უზრუნველყოფს ფოთიდან ბაქოში მიმავალი და უკან ცარიელი კონტეინერების რკინიგზით ტრანსპორტირებას, რაც არა მხოლოდ განტვირთავს სახმელეთო მაგისტრალებს, ასევე ნაკლებ ზიანს მიაყენებს გარემოს.

საქართველოს რკინიგზაში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს "შუა დერეფანში" საკონტეინერო ტვირთების უსაფრთხო და ეფექტურ გადაზიდვებს, რაც მარშრუტს უფრო მიმზიდველსა და მოთხოვნადს გახდის.

"ბლოკ-მატარებლების მოძრაობის გრაფიკისა და ტარიფების განსაზღვრით ტვირთმფლობელებს წინასწარ ეცოდინებათ მათი კონტეინერის ფოთში ჩასვლისა და უკან დაბრუნების დრო.

აღნიშნული სიახლე საქართველოს რკინიგზისთვის ფინანსურადაც მომგებიანი იქნება და მეტ შემოსავალს მოუტანს კომპანიას". - განმარტა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ.

ბლოკ-მატარებლის ზუსტი მარშრუტია: ბათუმი-ფოთი-თბილისი-აპშერონი-სუმგაიტი-ალიატი.

საქართველო და აზერბაიჯანი ტვირთმფლობელებს გამარტივებულ სერვისს - "ტერმინალიდან კარამდე“ სთავაზობენ.