გერმანიაში წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა

გერმანიაში წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა, – ამის შესახებ „დოიჩე ველე” წერს.

გერმანიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ბავარიის ქალაქ კიცინგენში წლის ყველაზე მაღალი ტემპერატურა – 37.8 გრადუსი დააფიქსირა.

გერმანიის გარემოს დაცვის მინისტრმა, კარსტენ შნაიდერმა განაცხადა, რომ კლიმატის ცვლილება უდიდესი სოციალური პრობლემაა.

გერმანიისთვის ყველა დროის ტემპერატურის რეკორდი 2019 წლის 25 ივლისს დაფიქსირდა, როდესაც მეტეოროლოგიურ სადგურებზე 41.2 გრადუსი დაფიქსირდა.

ძლიერ სიცხეს ებრძვიან იტალიაშიც. იტალიის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ფლორენციასა და ბერგამოში, მაღალი ტემპერატურის გამო მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. გათიშული იყო შუქნიშნებიც, რამაც გზებზე ქაოსი გამოიწვია. ენერგომომარაგების მიმწოდებელმა კომპანია Enel-მა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის აღსადგენად მუშაობენ. კომპანიის თქმით, გათიშვა შესაძლოა „სიცხეს უკავშირდებოდეს, რამაც ელექტროგადამცემი კაბელების გადახურება გამოიწვია“. მაღალი ტემპერატურის შესახებ გაფრთხილება ათზე მეტ ქალაქში, მათ შორის რომშიც გამოცხადდა.

ამასთან, ბრიუსელში ატომიუმი – ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა, ძლიერი სიცხის გამო დაიხურა.

ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურის გამო საფრანგეთის მასშტაბით 1 350-ზე მეტი სკოლა სრულად ან ნაწილობრივ დაიხურა ტრუასა და მელუნში.

პორტუგალიასა და ესპანეთში კი ივნისის თვისთვის რეკორდულად მაღალი 46.6 ტემპერატურა ფიქსირდება.