რას მოიცავს ტრამპის ბიუჯეტის პროექტი?

დონალდ ტრამპის მიერ წარმოდგენილი მასშტაბური კანონპროექტი - "One Big Beautiful Bill" ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ ინიციატივას წარმოადგენს ამერიკის უახლეს საბიუჯეტო ისტორიაში. მისი ძირითადი მიზნები გადასახადების შემცირება, სოციალური პროგრამების რეფორმა და ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებაა, თუმცა, ამბიციური მიზნების მიუხედავად, პროექტი მწვავე პოლიტიკური დებატების ეპიცენტრშია.

კანონპროექტის საერთო მოცულობა 3.8-დან 4.5 ტრილიონ დოლარამდე მერყეობს და მოიცავს როგორც გადასახადების შემცირებას, ისე სახელმწიფო სოციალური დაფინანსებების გადანაწილებას.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი გადასახადების შემცირების რეგულაციების მუდმივი გაგრძელებაა, რაც სარგებელს მაღალშემოსავლიან მოქალაქეებს მოუტანს.

ამასთან, პროექტი ითვალისწინებს MedicAid-ისა და საკვების ვაუჩერების პროგრამის ბიუჯეტის შემცირებას 1.2 ტრილიონ დოლარით; გაცილებით მკაცრი სამუშაო მოთხოვნების დაწესებას და გარკვეული ჯგუფებისთვის სოციალური დახმარების სრულად გაუქმებას. ეს ცვლილება სავარაუდოდ დააზარალებს დაახლოებით 8-12 მილიონ ამერიკელს, რაც დემოკრატიული პარტიის მხრიდან ძლიერი კრიტიკის საბაბი გახდა.

გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის ფედერალური ინიციატივების გაუქმებას, მათ შორის ბაიდენის ადმინისტრაციის ელექტრომობილების სუბსიდიებს.

რაც მთავარია, კანონპროექტი მნიშვნელოვან რესურსებს გამოყოფს საზღვრის კონტროლისა და ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის: დაახლოებით 350 მილიარდი დოლარი დაიხარჯება სასაზღვრო კედლის მშენებლობისთვის; გაძლიერდება საჰაერო თავდაცვა, მათ შორის განვითარდება „ოქროს გუმბათის“ თავდაცვითი სარაკეტო სისტემა და დაიწყება ახალი თაობის ავიაგამანადგურებლის, F-47-ის წარმოება.

ბიუჯეტთან დაკავშირებით მთავარი საკითხი დეფიციტის ზრდას უკავშირდება. საქმე ისაა, რომ ამ ბიუჯეტის მომსახურებას აშშ-ის მთავრობა თავად ვერ შეძლებს, ანუ მას ვალის გაზრდა მოუწევს, რაც კანონპროექტის კრიტიკოსებისთვის პრობლემას წარმოადგენს, რადგან აღნიშნული ბიუჯეტი დეფიცტს დამატებით $1 ტრილიონით გაზრდის, რაც იმას ნიშნავს, რომ რეკორდული $37-ტრილიონიანი ვალი ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.