ახალსოფლის დევნილთა დასახლების საბავშვო ბაღის სასმელ წყალში ფეკალიები აღმოჩნდა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 50
ახალსოფლის დევნილთა დასახლებაში, სადაც ფრონეს ხეობიდან დევნილები ცხოვრობენ, სასმელ წყალში ფეკალიების შემცველობა დაფიქსირდა. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის შემდეგ გახდა ცნობილი.
სააგენტოს თანამშრომლებმა წყლის სინჯები საბავშვო ბაღის სამზარეულოს ონკანიდან აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად 300 მლ წყალში გამოვლინდა: კოლიფორმები – 53.1 კწე, E. coli – 19.3 კწე და ფეკალური ენტეროკოკები – 32.4 კწე. სპეციალისტების განმარტებით, აღნიშნული ბაქტერიები სასმელ წყალში გრამიც კი დაუშვებელია.
კოლიფორმები – ეს არის ბაქტერიების ჯგუფი, რომელიც ხშირად მიუთითებს, რომ წყალი შეიძლება დაბინძურებული იყოს გარემოს ან ნიადაგის/ნარჩენების გავლენით.
E. coli – ეს უფრო კონკრეტული ბაქტერიაა, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანის ან ცხოველის ფეკალიებში გვხვდება. მისი არსებობა წყალში ნიშნავს ფეკალური დაბინძურების პირდაპირ ნიშანს.
ფეკალური ენტეროკოკები – ბაქტერია, რომელიც ასევე ფეკალური დაბინძურების მაჩვენებელია.
საბავშვო ბაღის ხელმძღვანელის თქმით, მათ აღნიშნული დასკვნა ოფიციალურად არ მიუღიათ, თუმცა ადასტურებს, რომ სინჯები ნამდვილად აიღეს.
„სოფელში ონკანი ვერ ნახეს, რომ იქიდან აეღოთ სინჯი, ამიტომ ჩვენგან აიღეს. თუ ასეთი შედეგი იყო, ჩვენამდე არ მოუტანიათ,“ — განაცხადა ბაღის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, დაახლოებით ერთი წლის წინ წყალი დამოუკიდებლადაც შეამოწმა და მაშინ სუფთა აღმოჩნდა. თუმცა, აღნიშნავს, რომ ბაღში სასმელად არ იყენებენ:
,,წყალი მშობლებს თავად მოაქვთ. ონკანიდან რაც მოდის, ეს სოფლისაა. რა ვქნათ, დასარეცხად რა გამოვიყენოთ? "- გვეკითხება ბაღის ხელმძღვანელი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წყლის სინჯები 2025 წლის 24 ოქტომბერს იქნა აღებული. ანგარიშის მიხედვით, შედეგები გადაეგზავნა ქარელის მუნიციპალიტეტის შესაბამის ა(ა)იპ-ს, რომელიც წყლის სისტემების მართვაზეა პასუხისმგებელი.
ამ ეტაპზე უცნობია, რა ზომები გატარდა პრობლემის გამოვლენის შემდეგ. ქარელის მერის მოადგილემ ნათია მაწონაძემ კითხვაზე პასუხი არ გაგვცა.
ცოტა ხნის წინ, დასახლებაში იმყოფებოდა პარლამენტარი გენო პეტრიაშვილი, რომელიც მის მიერვე აშენებილ წმ. მარინეს ეკლესიის გახსნას დაესწრო. იცის თუ არა პარლამენტარმა რა წყალს სვამენ მისი თანასოფლელები, უცნობია. ახალსოფლის დევნილთა დასახლებაში დაბინძურებულ წყალზე სახალხო დამცველი 10 წლის წინაც საუბრობდა.
