თბილისში კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - მიზეზი კრიტიკული შეუსაბამობებია
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 44
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტმა დედაქალაქში მოქმედი საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმების შედეგად 7 ბიზნესოპერატორს საქმიანობა შეუჩერა. უწყების ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში, კრიტიკული შეუსაბამობები გახდა.
სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, 13 თებერვალს სულ 19 ობიექტში ჩატარდა გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება.
კერძოდ, კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა შემდეგ ობიექტებში:
- ი/მ მაჯეედ შაკკეერ – კაფე-ბარი რესტორანი (ბერძენიშვილის ქ. N4) – საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე. გამოვლინდა გამწოვი სისტემის გაუმართაობა, ეტიკეტირების წესის დარღვევა და ვადაგასული სურსათის რეალიზაცია;
- შპს „ალ ბეიქ გრილლს“ – ინდური რესტორანი (ლუბლიანას ქ. 19ა) – დაფიქსირდა ზედაპირების არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, გამწოვი სისტემის გაუმართაობა და ეტიკეტირების წესის დარღვევა;
- „100 არაბული რესტორანი“ – სწრაფი კვების ობიექტი (გურამიშვილის გამზ. 27) – ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. გამოვლინდა გამწოვი სისტემის გაუმართაობა, ინვენტარის არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია და ეტიკეტირების წესის დარღვევა;
- ი/მ იაშპალ შარმა – ინდური რესტორანი (პეკინის გამზ. 31 ბ) – ობიექტი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. აღინიშნა არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია და ეტიკეტირების წესის დარღვევა;
- შპს „ტაი ინ თაუნ“ – კაფე-ბარი/რესტორანი (კოტე აფხაზის ქ. 17) – გამოვლინდა მღრღნელების არსებობა, გამწოვი სისტემის გაუმართაობა და ეტიკეტირების წესის დარღვევა;
- Fiesta (შპს „მდ ენთერფრაისის“) – კაფე-ბარი/რესტორანი (გიორგი სააკაძის ქ. N156) – დაფიქსირდა ინფრასტრუქტურისა და გამწოვი სისტემის გაუმართაობა, სურსათის დაბინძურების საფრთხე და ეტიკეტირების წესის დარღვევა;
- შპს „სარეია ტრეიდინგი“ – მზა კერძების წარმოება-რეალიზაცია (პეტრე ბაგრატიონის ქ. N33) – გამოვლინდა ინფრასტრუქტურისა და გამწოვი სისტემის გაუმართაობა, სურსათის დაბინძურების საფრთხე, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა და არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ბიზნესოპერატორები დააჯარიმეს და კრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორებამდე საწარმოო პროცესი შეუჩერეს.
„კრიტიკული შეუსაბამობა არის დარღვევა, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. კანონმდებლობის შესაბამისად, ასეთ დროს ობიექტს ჯარიმასთან ერთად საწარმოო პროცესიც უჩერდება,“ - განმარტავს სესის თბილისის დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორი, ალექსანდრე თათარიშვილი.
მოქმედი კანონმდებლობით, ბიზნესოპერატორებს საქმიანობის განახლების უფლება მხოლოდ მას შემდეგ მიეცემათ, რაც სააგენტოს მიერ გაცემულ მითითებებს სრულად შეასრულებენ.
შეუსაბამობების გამოსწორების შემდეგ, ობიექტებმა სააგენტოს განმეორებითი კონტროლის მოთხოვნით უნდა მიმართონ. თუ ინსპექტირება დაადასტურებს, რომ საფრთხეები აღმოფხვრილია, სააგენტო საწარმოო პროცესის გაგრძელების ნებართვას გასცემს.
