ჩემთვის ახალი არაფერია, ხუთი წელია ამას ვითხოვ - ნიკო კვარაცხელიას დედის პირველი კომენტარი
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 34
ჩემთვის ახალი არაფერია, ხუთი წელია ამას ვითხოვ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელიას დედამ მას შემდეგ დაწერა, რაც პროკურატურამ კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა.
"მადლობა ღმერთს და თქვენ ჩემო მეგობრებო, არ ავჩქარდეთ, ჩემთვის ახალი არაფერია, ხუთი წელია ამას ვითხოვ!!!!
ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით!!!", - დაწერა ნიკო კვარაცხელიას დედამ სოციალურ ქსელში.
მკვლელობის ორგანიზებისთვის პროკურატურამ ბრალდება წაუყენა პატიმრობაში მყოფ ძმებს, გურამ და დავით კაკულიებს, ასევე მათ მეგობარს, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას - ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას ვაჟს.
22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ათზე მეტი გასროლით, სასიკვდილოდ დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
აღნიშნულ საქმეზე თითქმის ერთთვიანი ძებნის შემდეგ, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს.
მოსამართლე დავით მგელიაშვილის გადაწყვეტილებით, აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მოსამართლემ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო განზრახ ჯგუფურ მკვლელობასა და ჯგუფურად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში. ნიკო კვარაცხელიას ოჯახი საქმის შეკვეთილი მკვლელობის მიმართულებით გამოძიებას ითხოვდა.
