პარლამენტმა მესამე მოსმენით „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 71
პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილა და 85 ხმით 10-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, კანონპროექტით გათვალისწინებული ძირითადი ცვლილებები კანონმდებლებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ გააცნო.
„ცვლილებების თანახმად, სრული ზოგადი განათლების ხანგრძლივობა განისაზღვრება არანაკლებ 11 და არაუმეტეს 12 წლით, რომელიც გადანაწილდება შემდეგნაირად: დაწყებითი (6 წელი − I−VI კლასები), საბაზო (3 წელი − VII− IX კლასები) და საშუალო (2 წელი− X და XI კლასები და ნებაყოფლობითი 1 წელი− XII კლასი). ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი იქნება 6 წელი, რომელიც პირს 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება.
გაუქმდება სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესი, ვინაიდან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო შექმნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო სასკოლო სახელმძღვანელოს, უზრუნველყოფს მის ბეჭდვასა და მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემის მიზნით, შესაბამისი სკოლებისთვის მიწოდებას.
ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებისთვის სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმის ტარება, რომლის ნიმუშსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო დაამტკიცებს. სამინისტრო ასევე დაამტკიცებს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების (მათ შორის, მობილური ტელეფონის) გამოყენების ზოგად პირობებს“, – ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საკანონმდებლო ორგანომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საკითხი პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ წარადგინა.
„კანონპროექტის თანახმად, აკადემიური პერსონალის ჩამონათვალს წამყვანი პროფესორის თანამდებობა ემატება. ცვლილებებით ზუსტდება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის სამართლებრივი ჩარჩო.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კანონს ემატება ნორმა, რომლითაც განისაზღვრება, რომ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა განუსაზღვრავს იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების უფლებაც აქვთ, მიეცეთ უფლება ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებსაც 2026 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ და რომლებიც არ არის გათვალისწინებული ზემოხსენებულ ჩამონათვალში, მილევად რეჟიმში კონკრეტული ვადით განახორციელონ.
