Nestle-მ ბაზრიდან ბავშვთა კვების კიდევ ერთი, ამჯერად Guigoz-ის პარტია ამოიღო
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 51
მას შემდეგ, რაც ჩვილ ბავშვთა კვების მწარმოებელმა კომპანიებმა იანვარში რამდენიმე პროდუქტი ბაზრიდან გამოიხმეს, საფრანგეთმა ფორმულაში დაშვებული ცერეულიდის ტოქსინის დაშვებული უსაფრთხოების ზღვარი შეამცირა, კილოგრამზე 0.03 მიკროგრამის ნაცვლად, 0.014 მიკროგრამამდე.
შედეგად, Nestle-მ ბაზრიდან ამოსაღები პროდუქციის სიას Guigoz-ის ბრენდის კიდევ ერთი პარტია დაამატა. ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება ანალიტიკოსების მოლოდინს, რომლებიც ვარაუდობდნენ, რომ კომპანიას ბაზრიდან პროდუქციის გამოხმობა აღარ დასჭირდებოდა.
ცერეულიდი, რომელმაც შესაძლოა გულისრევა და ღებინება გამოიწვიოს, ჩინეთში მდებარე იმ ქარხნიდან მიღებულ ინგრედიენტებში აღმოაჩინეს, რომელიც ბავშვთა კვების მრავალ მწარმოებელს, მათ შორის Nestle-ს, Danone-სა და Lactalis-ს, ამარაგებს. ამ ფაქტმა ათობით ქვეყანაში პროდუქციის გაყიდვიდან ამოღება და მშობლების შეშფოთება გამოიწვია.
"ვინაიდან ცერეულიდის ანალიზის მეთოდები დაიხვეწა, უკვე ამოღებულ პარტიებთან ერთად, ჩვენ ნებაყოფლობით ვიღებთ რეალიზაციიდან Guigoz-ის ჩვილ ბავშვთა კვების კიდევ ერთ პარტიას," - ნათქვამია Nestle-ს განცხადებაში.
უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, საფრანგეთმა ცერეულიდის დასაშვები ზღვარი 31 იანვარს შეამცირა. ახალი სტანდარტი დაწესდა ევროკავშირის სურსათის უვნებლობის სააგენტოსთან (EFSA) შეხვედრის შემდეგ, რომელმაც მსგავსი რეკომენდაცია გასცა.
Nestle-ს საფრანგეთში Guigoz-ის (სხვა ბრენდებთან ერთად) გარკვეული პარტიები უკვე ამოღებული ჰქონდა იანვარსა და დეკემბერში.
ადგილობრივი პროკურორების თქმით, ფრანგი გამომძიებლები ადგენენ, არის თუ არა კავშირი ორი ჩვილის გარდაცვალებასა და Guigoz-ის იმ პროდუქტებს შორის, რომლებიც გაყიდვიდან ამოიღეს.
საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო და თავად კომპანია აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მსგავსი კავშირის მტკიცებულება არ არსებობს. კვლევის შედეგებს უახლოეს დღეებში ელოდებიან.
