კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

სპეკულაციები, რომლებიც ბოლო რამდენიმე თვეს გრძელდებოდა დასრულდა. კარლო ანჩელოტი ბრაზილიის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა და ინფორმაცია ოფიციალურად თავად ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ დაადასტურა.

აღსანიშნავია, რომ იტალიელი სპეციალისტი მუშაობას 26 მაისიდან შეუდგება, ანუ მას შემდეგ, რაც ესპანეთში სეზონი დასრულდება.

ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტის ედნალდო როდრიგესის განცხადებით ამ ნაბიჯით ბრაზილიელებმა მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატის მოსაგებად დიდი განაცხადი გააკეთეს:

“ბრაზილიის ნაკრებში კარლო ანჩელოტის მოყვანა სტრატეგიულ ნაბიჯზე მეტია. ეს არის განაცხადი მსოფლიო ჩემპიონატისთვის, ვინაიდან მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ადგილის დაბრუნება. ანჩელოტი ისტორიაში უდიდესი მწვრთნელია და ახლა, პლანეტის უდიდეს ეროვნულ ნაკრებს უხელმძღვანელებს. გვჯერა, რომ ერთად ბრაზილიური ფეხბურთისთვის ახალ, დიდებულ თავებს დავწერთ” - განაცხადა ედნალდო როდრიგესმა.

ანჩელოტიმ კონფედერაციასთან კონტრაქტი 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე გააფორმა და კონტრაქტის გახანგრძლივება ჩემპიონობაზე იქნება დამოკიდებული.

აღსანიშნავია, რომ იტალიელისთვის ეს სანაკრებო დონეზე მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი გამოცდილებაა და ამავდროულად პირველი უცხოელი მწვრთნელი, რომელსაც ბრაზილიის ნაკრების დამრიგებლობა ანდვეს. მისი დამრიგებლობით ბრაზილიელები სადებიუტო შეხვედრას 6 ივნისს ეკვადორის წინააღმდეგ, ხოლო 11 ივნისს კი პარაგვაის წინააღმდეგ გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ ანჩელოტი "რეალში" პირველი ვადით 2013-2015 წლებში მუშაობდა, შემდეგ 2021 წელს დაუბრუნდა ესპანურ გრანდს, რომელსაც დღემდე ორ-ორჯერ ლა ლიგა, ესპანეთის თასი და ესპანეთის სუპერთასი მოაგებინა, სამ-სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, ფიფას საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი და ევროპის სუპერთასი.