ჩვენმა ნაკრებმა უკვე დაწერა ისტორია, მაგრამ ახლა მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრაა, – ამის შესახებ ხვიჩა კვარაცხელიამ გამოცემა „პარიზიენთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ლიდერი კიდევ ბევრ საინტერესო საკითხს შეეხო.
„ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემი ქცევითა და აზროვნებით პოზიტიური ვიყო. როდესაც დადებით ენერგიას გასცემ, უკანაც იმავეს იღებ. ვბაძავ თუ არა ჯორჯ ბესტს? მინდორზეც ზუსტად ისეთი ვარ, როგორიც ყოველდღიურ ცხოვრებაში. არავის ვბაძავ. ამ მსგავსებაზე ჩემთვის ნეაპოლშიც უთქვამთ. ის განსაკუთრებული იყო და უნდა ვაღიარო, რომ ასეთი შედარებები მომწონს. საკუთარ თავს, როგორც ფეხბურთელს, როგორ დავახასიათებდი? ამტანი, აგრესიული და მებრძოლი – მოკლედ, ქართველი ვარ.
ამ ყველაფერს მხოლოდ ქართველები თუ გაიგებენ. ძალიან პატარა ქვეყნიდან ვართ და გვინდა, სამშობლო მსოფლიოში საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ. როცა საქართველოში ვინმე გვესტუმრება, საუკეთესოდ ვმასპინძლობთ. მინდორზე ჯერ ჩემი ქვეყნისთვის ვთამაშობ და მერე – საკუთარი თავისთვის. როცა პატარა ქვეყნიდან ხარ, გრანდში თამაშის მცირე შანსი გაქვს. ვამაყობ იმით, რომ დღეს ცნობილი ვარ, როგორც ქართველი, რომელიც პარიზში თამაშობს.
სანამ მიუნხენში ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის გავემგზავრებოდით, ჩალაგებისას პირველი საქართველოს დროშა ჩავდე, რადგან გამარჯვების მჯეროდა. თამაშის შემდეგ კი ყველაზე მეტად მინდორზე საქართველოს დროშით შერბენა მსურდა. ეს დიდი სიამაყის განცდაა. პირველი, რასაც არასოდეს ვივიწყებ, საქართველოს დროშაა.
ჩემი შვილი, თუ ვინმეს შეხვდება, ეუბნება: „მამა, გოლი, მამა, გოლი!“ „პარი სენ-ჟერმენის“ ყველა ფეხბურთელს იცნობს. განსაკუთრებით ბარკოლა უყვარს და მის გვარს ხშირად იმეორებს. პარიზში ყველაფერი მომწონს. როცა „პარი სენ-ჟერმენიდან“ დამიკავშირდნენ, ჩემი მეუღლე მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო. მეუბნებოდა, პარიზში რომ გადახვიდე, იქ ცხოვრება ძალიან მაგარი იქნებაო. როცა პატარა ქვეყნიდან ხარ, ეს ოცნების ასრულებაა. ჩემთვის ასევე იყო „ნაპოლიში“ გადასვლაც. უბრალოდ, როცა პარიზიდან დამიკავშირდნენ, მივხვდი, რომ სხვა დონის ფეხბურთელი ვიყავი და არც მიყოყმანია.
პირველად „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩს დავესწარი. მაშინ გავიფიქრე – მაგარი ბიჭები არიან და აქ ჩემი ადგილი სად უნდა იყოს-მეთქი? როცა გუნდის ვარჯიში ვნახე, მაშინვე მივხვდი, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვეძლო. გამორჩეული მომენტი იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი გოლი. იმ დროს მსოფლიოში ყველაზე ამაყი ვიყავი. ისეთი ემოცია მქონდა, არც კი ვიცოდი, როგორ მეზეიმა. მინდა, მსგავსი რამ კიდევ არაერთხელ გამოვცადო.
როცა რაღაც მიზნისკენ წლების განმავლობაში მიდიხარ და მას აღწევ, მერე ცოტათი დუნდები, მაგრამ „პარი სენ-ჟერმენში“ ყველა ერთმანეთის მოტივირებას ახერხებს. „პარი სენ-ჟერმენი“ არაჩვეულებრივი კლუბია. ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგის ტიტულის დაცვა და წარმატების გამეორება შეგვიძლია.
მთავარი ოცნება „პარი სენ-ჟერმენსა“ და საქართველოს ნაკრებში? პარიზში მინდა შარშანდელი მიღწევის განმეორება, საქართველოს ნაკრებთან ერთად კი – მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა. ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა უკვე დაწერა ისტორია, როცა ევროპის ჩემპიონატზე გავედით, მაგრამ მუნდიალი უფრო დიდი მიზანია“, – ამბობს კვარაცხელია.
ავტორი: მერაბ მამულაშვილი
წყარო: პირველი არხი
