ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილე პარალიმპიელ სპორტსმენებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ

ჩვენმა ქვეყანამ ისტორიული შედეგი დააფიქსირა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე და პირველად ისტორიაში ჩვენ მოვიგეთ ოლიმპიური მედლები ზამთრის სპორტის სახეობებში, განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინას, რომლებიც გახდნენ ვერცხლის მედლის მფლობელები, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონები და ეს არის ისტორიული მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრებისა და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლების სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, ყველა მიღწეული შედეგები აჩვენებს იმას, რომ ქართული სპორტი მუდმივად ვითარდება და ახალ სიმაღლეებს აღწევს.

 

„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია დღეს თქვენთან შეხვედრა. ჩვენმა ქვეყანამ ისტორიული შედეგი დააფიქსირა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე და პირველად ისტორიაში ჩვენ მოვიგეთ ოლიმპიური მედლები ზამთრის სპორტის სახეობებში, რა თქმა უნდა, ამისათვის თითოეულ თქვენგანს გეკუთვნით ძალიან დიდი მადლობა. განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინას, რომლებიც გახდნენ ვერცხლის მედლის მფლობელები, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონები და ეს არის ისტორიული მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე, მათ მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპის ჩემპიონატის მოგებისთვის, ეს არის გამორჩეული ისტორიული წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის და კიდევ ერთხელ მადლობა თქვენა ამისთვის. ასევე, ჩვენ დავიკავეთ მე-4 ადგილი გუნდურ ტურნირზე და ესეც არის ისტორიული მიღწევა, ძალიან ცოტა დაგვაკლდა ოლიმპიურ გუნდურ მედლამდე, თუმცა მომავალი წინაა და დარწმუნებული ვარ, კიდევ ძალიან ბევრი წარმატება გველოდება წინ. მადლობა ეკუთვნის გუნდის თითოეულ წევრს, რომელმაც გამორჩეულად იასპარეზა. განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ნიკა ეგაძეს, რომელიც წელს გახდა ევროპის ჩემპიონი და ამით კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება მოუტანა ჩვენს ქვეყანას. ევროპის ჩემპიონატზე სულ 4 მედლების კომპლექტი თამაშდებოდა და აქედან ორი ოქრო მოიგეს სწორედ ქართველმა სპორტსმენებმა, ეს არის მართლა გამორჩეული წარმატება, რაც ცალკე უნდა აღინიშნოს. ყველას მადლობა, მადლობა ანასტასია გუბანოვას, დიანა დევისს, გლებ სმოლკინს, მათი წარმატებული გამოსვლისთვის ამ ოლიმპიურ თამაშებზე და ჩვენი ქვეყნის პრესტიჟის ამაღლებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე ოლიმპიურ თამაშებზე სალომე ჩიგოგიძის მსაჯობა, პირველად ისტორიაში, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გვყავდა ქართველი მსაჯი და ესეც არის კიდევ ერთი წარმატება, რაც ქართულმა სპორტმა აჩვენა. ყველა ეს შედეგი აჩვენებს იმას, რომ ჩვენი სპორტი მუდმივად ვითარდება, ვაღწევთ ახალ სიმაღლეებს. იყო სპორტის სახეობები, სადაც ტრადიციულად გვქონდა მაღალი მიღწევები, თუმცა უკვე ჩნდება ახალი სპორტის სახეობები, სადაც ასევე ვიღებთ ახალ შედეგებს უმაღლეს დონეზე და ეს ყველაფერი არის უდიდესი სტიმული ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისთვის, რომ ისინი ჩაერთონ სპორტში და მიაღწიონ ასეთივე უმაღლეს წარმატებებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში,“- აღნიშნა პრემიერმა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ დააწესა ფულადი ჯილდო პრიზიორებისთვის, ვიცე-ჩემპიონები ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელნიკა მიიღებენ 500-500 ათას ლარს საპრიზო ადგილის დაკავებისთვის.

 

„ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე თითოეულ სპორტსმენს გადაცემა 50-50 ათასი ლარი ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებისთვის და ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობისთვის. ამ წარმატების უკან დგას ძალიან დიდი, გამორჩეული, პროფესიონალების გუნდი და განსაკუთრებული მადლობა მინდა, გამოვთქვა მწვრთნელების მიმართ. ეთერ თუთბერიძე, პაველ სლიუსარენკო, რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ამ წარმატებაში. ცალკე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ფედერაციის საქმიანობა. სწორედ ფედერაციის წარმატებული საქმიანობის შედეგია ის გამორჩეული შედეგები, რომელსაც მიღწია ჩვენმა ქვეყანამ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. მადლობა ფედერაციის პრეზიდენტს და თითოეულ თანამშრომელს მათი განსაკუთრებული პატრიოტიზმისთვის და ძალისხმევისთვის, რისი შედეგიც არის ჩვენი სპორტული მიღწევები.

 

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და წარმატებები ვუსურვო ჩვენს პარალიმპიელ სპორტსმენებს ზამთრის პარალიმპიურ თამაშებზე, სადაც იდენტური ფულადი ჯილდო იქნება დაწესებული. კიდევ ერთხელ, ყველას მინდა მადლობა გადაგიხადოთ, დღეს თქვენ გადმოგეცემათ უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოები და ეს არის ჩვენი მადლიერების გამოხატულება. ეს არის ის ჯილდოები, რომლებსაც თქვენ იმსახურებთ საქართველოს სახელმწიფოსგან. 

 

კიდევ ერთხელ მინდა, გამოვხატო საქართველოს მთავრობის მზაობა, რომ მაქსიმუმი გააკეთოს საქართველოში სპორტის წარმატებისთვის, ამისათვის დიდი ინვესტიციები იდება და მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება, რათა ქართულმა სპორტმა კიდევ უფრო დიდ შედეგებს მიაღწიოს. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას და გისურვებთ წარმატებებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პარალიმპიელი სპორტსმენებისთვის იდენტური ჯიდლეობი იქნება გათვალისწინებული, რაც ზამთრის ოლიპიური თამაშების მონაწილეებისთვის იყო. 

 

ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეებს ფულადი ჯილდოს სახით 50 ათასი ლარი გადაეცემათ, ხოლო საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში, გათვალისწინებულია ოქროს მედლისთვის -  მილიონი ლარი, ვერცხლის მედლისთვის - 500 ათასი ლარი, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის - 300 ათასი ლარი.