ქალაქ ლონდონში ევროპისა და აფრიკის წყალსათხილამურო კონფედერციის კონგრესი გაიმართა, სადაც საქართველო 2026 წლის ევროპის ღია ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად დასახელდა.
შეჯიბრება ქალაქ ფოთში, მალთაყვის ოქროს ტბაზე 24-26 ივლისს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ სპორტსმენები ევროპისა და აფრიკის 20 ქვეყნიდან.
საქართველოდან კონგრესს წყალსათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ქეთევან კუბლაშვილი, ფოთის ტბის კლუბის დამფუძნებელი კონსტანტინე ოსიპოვი და დიდ ბრიტანეთში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი არჩემაშვილი ესწრებოდნენ.
ფოთში ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთეს მსოფლიო წყალსათხილამურო და ვეიკბორდის ფედერაციის პრეზიდენტმა, ევროპის წყალსათხილამურო კონფედერაციის პრეზიდენტმა და მსოფლიო წყალსათხილამურო საბჭოს თავმჯდომარემ.
„იქ გასული წლის სექტემბერში ვიყავი. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა როგორც ადგილმა, ისე ისტორიამ. თუ სწორად მახსოვს, ბოლოს საქართველოში დაახლოებით 35 წლის წინ ჩატარდა ჩემპიონატი. ყველა ინფორმაცია, რაც იმ დროის შესახებ მაქვს, მეტყველებს, რომ ის შესანიშნავი იყო“, – ამბობს ხოზე ანტონიო პერეს პრიგო, მსოფლიო წყალსათხილამურო და ვეიკბორდის ფედერაციის პრეზიდენტი.
„საქართველოს წყალსათხილამურო და ვეიკბორდინგის ფედერაცია წარმატებას მიაღწევს, რადგან ამას დიდი ხანია ელით. ადგილი იდეალურად გამოიყურება. კარგად ვიცნობ მას, აქ 30 წელზე მეტი ხნის წინ ვიყავი. იმ ადამიანებიდან გამომდინარე, რომლებიც საქართველოს წარმოადგენენ, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგი შოუ იქნება. სპორტსმენები აღელვებულები არიან, რადგან აღმოჩინეს ახალი ქვეყანა, ახალი ადგილი. მინდა, უკვე ივლისი იყოს“, – პატრის მარტინი, ევროპის წყალსათხილამურო კონფედერაციის პრეზიდენტი.
„ბევრი რამ შეიცვალა ტექნოლოგიურად. გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, 100 პროცენტით დარწმუნებულნი ვართ, რომ ადგილი იდეალურია, აქ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია. აღფრთოვანებულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ დავბრუნდით საქართველოში“, – კანდიდო მოზი, მსოფლიო წყალსათხილამურო საბჭოს თავმჯდომარე.
