54 წლის ინგლისელი სპეციალისტი რიჩარდ ქოქრილი ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “შავი ლომის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს. ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.
ქოქრილმა საქართველოს რაგბის კავშირთან კონტრაქტი 2024 წლის იანვარში გააფორმა და “ბორჯღალოსნებთან” ერთად, ქართული ფრენჩაიზის თავკაციც გახდა. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ორჯერ მოიგო რაგბი ევროპის ჩემპიონატი (2024 და 2025 წლებში) და მოიპოვა 2027 წლის ავსტრალიის მსოფლიო თასის საგზური.
2024 წელს საქართველოს ნაკრებმა ქოქრილის ხელმძღვანელობით მესამე გამარჯვება მოიპოვა "ტიერ1"-ის გუნდთან. მთლიანობაში, ინგლისელის თავკაცობით საქართველოს ნაკრებმა ორი წლის განმავლობაში 22 თამაში ჩაატარა და 14 გამარჯვება მოიპოვა.
რაც შეეხება “შავი ლომს“ კლუბის მთავარი მწვრთნელის რანგში ინგლისელმა 2024 წელს რაგბი ევროპის სუპერ თასი მოიგო, იმავე წლის "ჩელენჯ თასზე" კი საფრანგეთის TOP-14-ის გუნდი “ვანი“ დაამარცხა.
“მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს რაგბის კავშირს იმ პატივისთვის, რასაც ორი წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრენჩაიზის, ‘შავი ლომის’ მთავარი მწვრთნელობა ჰქვია. საქართველოში რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ მომიწვია და ამ შესაძლებლობისთვის მას პირადად ვუხდი მადლობას. 2025 წლის აპრილში საქართველოს რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტი დავით კაჭარავა გახდა. მას საქართველოს ეროვნული ნაკრების განვითარების განსხვავებული ხედვა აქვს და მე პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. წარმატებებს ვუსურვებ პირადად მას და მის გუნდს მომავალ საქმიანობაში. ვამაყობ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე გატარებული პერიოდით. მე შევქმენი მყარი ფუნდამენტი გუნდის მომავლისთვის და მას უკეთეს მდგომარეობაში ვტოვებ, ვიდრე მანამდე იყო. საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა გასაოცარი კულტურითა და თბილი, სტუმართმოყვარე ხალხით. მე უნიკალური სარაგბო და ცხოვრებისეული გამოცდილება შევიძინე“, - განაცხადა რიჩარდ ქოქრილმა.
ცნობისთვის, ფრანგული სარაგბო გაზეთის, "მიდი ოლიმპიკის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისელ სპეციალისტს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანგი პიერ-ანრი ბრონკანი შეცვლის.
ბრონკანი ამჟამად ფრანგული "ბრივის" მწვრთნელია, რომელიც PRO D2 დივიზიონში მე-8 პოზიციაზეა. ასევე ის 2023 წლის მსოფლიოს თასზე ედი ჯოუნსის ასისტენტი იყო ავსტრალიის ნაკრებში.
პარალელურად ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა Lequipe ავრცელებს ინფორმაციას, რომ რიჩარდ ქოქრილის შეცვლის მთავარი კანდიდატი ფრენკ აზემაა. სტატიაში წერია, რომ საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელებსა და „ბრივის“ დამრიგებელ პიერ-ანრი ბრონკანს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რის გამოც პრიორიტეტულ ვარიანტად სწორედ 54 წლის აზემა იქცა, რომელიც ოქტომბერში “პერპირიანიდან“ წასვლის შემდეგ უმუშევარია და ახალი გამოწვევის მისაღებად მზადაა. ამ უკანასკნელს “პერპირიანის“ გარდა “ტულონსა“ და “კლერმონშიც“ უმუშავია, რომელიც მისი ხელმძღვანელობით 2017 წელს საფრანგეთის TOP-14-ის ჩემპიონი გახდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 2027 წლის მსოფლიო თასზე B ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, იტალიასთან და რუმინეთთან ერთად იასპარეზებს.
