ატმის შეღებვის ფაქტზე იდენტიფიცირებულია სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები პირი - სეს

სოციალურ ქსელებში ატმის ხელოვნურად შეღებვის ამსახველი კადრების გავრცელებას სურსათის ეროვნული სააგენტოს რეაგირების ფარგლებში, ფაქტზე იდენტიფიცირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ფიზიკური პირი (გ.უ.).

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის ინსპექტორებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მოკვლევის ფარგლებში ატმის ნიმუშები აიღეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ნიმუშები ლაბორატორიულ კვლევას გაივლის, რომლის შედეგებიც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

სააგენტო ხაზს უსვამს, რომ მოსახლეობის უსაფრთხო სურსათით უზრუნველყოფის მიზნით, უწყება რეგულარულად ამოწმებს ბაზარზე არსებულ სხვადასხვა სახის პროდუქტს. სპეციალისტების მიერ სისტემატურად ტარდება მონიტორინგი ხილზე, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე. მათ შორის, მოწმდება პესტიციდების, მძიმე მეტალების, რადიონუკლიდებისა და ნიტრატების შემცველობა.

კვლევის შედეგების გაცნობა საჯაროდ შესაძლებელია როგორც მედიასაშუალებებით, ისე სააგენტოს ვებგვერდზე.