უმაღლესი განათლების რეფორმირების კონცეფციას მთავრობა საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარუდგენს.
აღნიშნულ საკითხზე დღეს უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
უმაღლესი განათლების რეფორმირების კონცეფციასთან დაკავშირებით კომისიის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე პოზიციები საბოლოოდ შეაჯერეს. დოკუმენტი შემდგომი სრულყოფის მიზნით დარგის სპეციალისტებთან, უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად განიხილება, რის შემდეგაც საბოლოო დოკუმენტი ფართო საზოგადოებას წარედგინება. უმაღლესი განათლების რეფორმირების კონცეფციაზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ კონცეფცია მოიცავს იმ საკითხებს, რაც შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში მოაგვარებს გამოწევებს, რომლის წინაშეც უმაღლესი განათლების სისტემა დგას.
როგორც სხდომაზე პრემიერმა აღნიშნა, კონცეფციის საფუძველზე შესაძლებელი იქნება, რომ ქვეყანაში გაუმჯობესდეს უმაღლესი განათლების ხარისხი და შეიქმნას სისტემა, რომლის პირობებშიც ახალგაზრდები ევროპული ხარისხის უმაღლესი განათლების მიღებას საქართველოში შეძლებენ.