საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოში რადიაციული ფონის გაზრდა არ დაფიქსირებულა და რადიაციული მტვერი ქვეყნის ტერიტორიაზე არ შემოსულა.
bm.ge-მ უწყებას კითხვით მიმართა 13 ივნისის მოვლენების ფონზე, როდესაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ქვეყანამ ირანში ბირთვული პროგრამის მნიშვნელოვან ობიექტებზე მიიტანა იერიში. ნეთანიაჰუს თქმით, დარტყმები განხორციელდა ურანის გამდიდრების ცენტრსა და ბალისტიკური რაკეტების პროგრამასთან დაკავშირებულ ობიექტებზე, მათ შორის ქალაქ ნათანზში მდებარე სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე. ისრაელის განცხადებით, მიზანი იყო ირანის ბირთვული შესაძლებლობების შეზღუდვა.
„რადიაციის უსაფრთხოების სააგენტოს მიერ უწყვეტად ხორციელდება გარემოს რადიაციული ფონის მონიტორინგი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. მონიტორინგის შედეგად, დოზის მატება არ დაფიქსირებულა და შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია საქართველოს ტერიტორიაზე რადიაციული მტვრის შემოსვლას“, — განუცხადეს bm.ge-ს სამინისტროში.
ირანულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდასხმის ერთ-ერთ ობიექტზე – მიწისქვეშა ურანის გამამდიდრებელ ქარხანასთან — ორი აფეთქება მოხდა. ირანული მხარე ამტკიცებს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ დრონი ჩამოაგდო.
ამის შემდეგ ირანის საზღვართან ახლოს მყოფმა სახელმწიფოებმა რადიაციის მონიტორინგის მუდმივი პროცესი დაიწყეს. ასევე, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაღესტნის რესპუბლიკურმა „როსპოტრებნადზორმა“ რეგიონის სამხრეთ ნაწილში რადიაციული მონიტორინგის 24-საათიანი მონიტორინგი დაიწყო.