თბილისი-ბაქო-თბილისის სამგზავრო მატარებლების აღდგენას მოუთმენლად ელიან როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის მოქალაქეები. უკვე 5 წელზე მეტია, რაც აზერბაიჯანის რესპუბლიკას სახმელეთო საზღვარი დახურული აქვს ყველა მეზობელ ქვეყანასთან. სამგზავრო მატარებლების ამოქმედების შემდეგ საქართველოში აზერბაიჯანელი ტურისტების დიდ ნაკადი და პანდემიამდე არსებული მდგომარეობის თანდათანობითი აღდგენაა მოსალოდნელი, რაც ქართული ტურისტული სექტორისთვის მნიშვნელოვანია (ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება ამ ზაფხულს საზღვაო სეზონზე).
მატარებლების მოძრაობის დაწყებას მოუთმენლად ელიან აზერბაიჯანის მოქალაქე ინგილო ქართველებიც, რომლებიც ოჯახის წევრებისა და ნათესავების მონახულებას წლობით ვერ ახერხებენ და არაერთი ჰუმანიტარული პრობლემის წინაშე დგანან სახმელეთო საზღვრის მრავალწლიანი დახურვის გამო. ახლახან, 6 მაისს გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, აზერბაიჯანულ მხარესთან შეთანხმებით, მრავალრიცხოვანი ქართული დელეგაციის, სასულიერო პირებისა და მომლოცველთა ჯგუფის ვიზიტი იგეგემებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, კახის, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში, თუმცა რამდენიმე დღით ადრე გაირკვა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ უარი განაცხადა ქართული დელეგაციასა და მომლოცველებს ლაგოდეხი-ბელაქნის სახმელეთო საზღვრის სპეციალური კოდით გადაკვეთაზე. სამწუხაროდ აზერბაიჯანული მხარის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულების გამო ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი გასული წლის 23 ნოემბერსაც. ამის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანის რელიგიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის რამინ მამედოვის ვიზიტის (2025 წლის 17-18 მარტი) წინ აზერბაიჯანის რელიგიის სახელმწიფო კომიტეტს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.
საინგილოში მცხოვბრები ჩვენი თანამემამულეები ასევე მოითხოვენ ორი ქვეყნის ხელისუფლებამ განიხილოს ლაგოდეხი-ბელაქნისა და წითელი ხიდის სახმელეთო საზღვრების გახსნაც და თავისუფალი მიმოსვლის აღდგენაც, რაც ჯერჯერობით არ დგას დღის წესრიგში (აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვის ბოლო ბრძანებულებით კარანტინის რეჟიმი 2025 წლის 1 ივლისამდე გაგრძელდა). სამგზავრო მატარებლების მიმოსვლის დაწყება ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელებისთვისაც, რომლებიც აზერბაიჯანში მცხოვრებ ნათესავებსა თუ ახლობლებს წლობით ვერ ნახულობენ.
აპრილის ბოლოს აზერბაიჯანულმა მედიამ დასახელა მატარებლების მიმოსვლის აღდგენის სავარაუდო თარიღიც - პირველი მატარებელი თბილისიდან 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაბაქოდან 28 მაისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღეს გავა.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, საქართველოს მხარეს მატარებლების მიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისა და სხვა მოსამზადებელი სამუშაოები. დიდი ალბათობით წინასწარ დაანონსებული სიმბოლური თარიღები აღარ შეიცვლება და უახლოეს დღეებში ბილეთების გაყიდვაც დაიწყება.
სერგო კერესელიძე, საინგილოს მკვლევარი, ჟურნალისტი