პრაქტიკულად, უკვე ყოფილი ელჩი, ქალბატონი დანიგანი, წარმოადგენს აშშ-ის წინა ადმინისტრაციას, თავისი არსით, წინა ადმინისტრაციის პირობებში, ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში და ეს განაპირობა მათი მხრიდან მტრობამ ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“, რობინ დანიგანის გამოსვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ მტრობის თანამონაწილე იყო მაშინდელი ბიუროკრატიის ძალიან ბევრი წარმომადგენელი და ეს უნდა გაითვალისწინოს ქალბატონმა ელჩმა ქართულ დემოკრატიაზე საუბრისას.
„4 წელი მტრობდნენ ქართულ დემოკრატიას წინა ადმინისტრაციის ჩინოვნიკები და როდესაც ბატონი ჯეიდი ვენსი საუბრობდა კონკრეტულ საკითხებზე, მისი ადრესატი იყო, სწორედ, ის ევროპული ბიუროკრატია, რომელიც საქართველოში უპირისპირდებოდა დემოკრატიულ სისტემას, რომელიც ოთხ რევოლუციას აწყობდა ჩვენს ქვეყანაში - ამერიკის წინა ადმინისტრაცია და ევროპული ბიუროკრატია. ჯეიდი ვენსის სიტყვები მიმართული იყო, სწორედ, ასეთი ჩინოვნიკების წინააღმდეგ. ეს, მგონი, ძალიან კარგად მოეხსენება ქალბატონ ყოფილ ელჩს, თუმცა, მან სცადა სხვა კონტექსტით ესაუბრა ბატონი ჯეიდი ვენსის სიტყვებით, რაც არასწორია, ეს არის მარტივი მანიპულაცია,“- აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ მზად არის სუფთა ფურცლიდან განაახლოს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან.
„ჩვენ მოთმინებით ველოდებით ნაბიჯებს, ჩვენი მხრიდან ნაბიჯი არის გადადგმული, ჩვენ გვაქვს ნათქვამი ძალიან მკაფიოდ ერთი რამ, რომ მზად ვართ განვაახლოთ სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, მეტიც, მზად ვართ, დავსხდეთ და გავწეროთ კონკრეტული გზამკვლევი ამ სტრატეგიული პარტნიორობისათვის, სადაც იქნება ასახული ორმხრივი სარგებელი, როგორც აშშ-სთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ყველაზე მკაფიო შეთავაზება, რაც კი ჩვენგან შეიძლებოდა გაკეთებულიყო აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიმართ. ჩვენ მოთმინებით ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს და იმედია, ეს ნაბიჯები იქნება გადადგმული. თავისთავად, ძალიან კარგი ნაბიჯი იყო ის, რომ ერთ დღეს გადადგა ელჩი და იმავე დღეს ჩვენ მივიღეთ თანხმობა აშშ-ში საქართველოს ელჩის დანიშვნის თაობაზე. ეს გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. ეს გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება ახალმა ადმინისტრაციამ მოიპოვოს უპირატესობა სახელმწიფო დეპარტამენტშიც „დიფ სთეითის“ მიმართ. თუ ასე განვითარდება პროცესები, დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან აუცილებლად გადაიტვირთება“, - განაცხადა პრემიერმა.