"ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთში ვერ იყოფენ რაღაცებს, არის შიდა დაპირისპირება" - პრემიერი

მსოფლიოში პირველი პრეცენდენტია, როდესაც ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით,  გუშინ კიდევ ერთხელ დარწმუნდა ყველა, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია.

„მსოფლიოში პირველი პრეცენდენტია, როდესაც ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას. ასეთი რამ მემგონი კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს. ეს მეტყველებს იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რაც არის რადიკალურ ოპოზიციაში. ეს თავისთავად, კარგია იმისათვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს სტაბილური და მშვიდი განვითარება. გუშინ კიდევ ერთხელ დარწმუნდა ყველა, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია. ოთხი პარტია, 40 ენჯეო, ევროპული ბიუროკრატიის დაფინანსება, მთელი „დიფ სთეითი“, ყველა ერთად იყო ჩართული და პიკზე 2000 „ქართველი ხალხი“ გამოიყვანეს. ეს არის დღეს რადიკალური ოპოზიციის მდგომარეობა“, - განაცხადა პრემიერმა.

კითხვაზე, როგორც შეაფასებდა გერმანიის ელჩის ქმედებას პარლამენტის წინ მოშიმშილე ელენე ხოშტარიასთან შეხვედრის თაობაზე, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის ვენის კონვენციის დარღვევა და ეს არის ადამიანის მხრიდან თვითდაზიანების წახალისება. 

 

„არც ერთი მიმართულებით არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ ტოლერანტული იმ არასწორი ქმედების მიმართ, რომელსაც ახორციელებენ კონკრეტული ელჩები. ვენის კონვენციის დარღვევაც არის მიუღებელი და თვითდაზიანების წახალისებაც არის აბსოლუტურად მიუღებელი“,  - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მსოფლიოში არ ხდება ასეთი რამ რომ 150 კაცი, ხანდახან 100 და 50 კაცი კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს, ეს აბსოლუტურად უპრეცედენტო მოვლენაა, ამას სჭირდება ჯარიმებით დაპირისპირება. 

 

„გუშინ გამოვიდა 2000 ქართველი ხალხი, რაც არის სრული მობილიზაციის პირობებში, სრული ფიასკო, მეტი არ იყო. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, როგორც არ უნდა გწყინდეთ, გუშინ იყო პიკზე 2000 ქართველი ხალხი გამოსული. რაც შეეხება ჯარიმებს, სანქციებს, მსოფლიოში არ ხდება ასეთი რამ რომ 150 კაცი, ხანდახან 100 და 50 კაცი კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს, ეს აბსოლუტურად უპრეცედენტო მოვლენაა, ამას სჭირდება ჯარიმებით დაპირისპირება. არის მეორე მხარე, საზოგადოების ინტერესები, საზოგადოებას უნდა, რომ მშვიდად გაიაროს რუსთაველის გამზირზე, თუნდაც იმ ნახევარი საათის განმავლობაში, როცა იკეტება ხოლმე ქუჩა, ამას სჭირდება ბუნებრივია ჯარიმები, ამას სჭირდება შესაბამისი ზომები და ამას ყველა უნდა შეეგუოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ყველაფერი მიდის ძალიან კარგად, რადიკალური ოპოზიცია თავს ინადგურებს, ქვეყანა კი ვითარდება.

 

„ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, რადიკალური ოპოზიცია კიდევ უფრო ინადგურებს თავს, ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება, ქვეყანა ვითარდება ყველა მიმართულებით და ეს განვითარება, რა თქმა უნდა, უნდა გაგრძელდეს,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საბოლოო ჯამში, რადიკალურ ოპოზიციაში ყველა ერთია, თუმცა არის პიროვნული დაპირისპირებები და სუბიექტური ინტერესები.

 

„რეალურად, ყველა ვხედავთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთში ვერ იყოფენ რაღაცებს, არის შიდა დაპირისპირება. ეს, რეალურად, არის ძალიან კარგი. მათ შორის, თვითმმართველობის არჩევნებში ორი პარტიაა, რომელთაც სურთ მონაწილეობა და ორი პარტია - რომელთაც არ სურთ. ეს გახლეჩვა ძალიან კარგია რადიკალურ ოპოზიციაში. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ყველა ერთია, მაგრამ იქ არის პიროვნული ამბიციები, პიროვნული დაპირისპირებები, სუბიექტური ინტერესები. რაც მეტი იქნება ასეთი განხეთქილება რადიკალური ოპოზიციის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის,“- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა ხედავს, რომ "დიფ სთეითი“ ევროკავშირის დაფინანსებას იყენებს საქართველოში რევოლუციური პროცესების წასახალისებლად.

 

„ყველა ხედავს, რომ "დიფ სთეითი“ ევროკავშირის დაფინანსებას იყენებს საქართველოში რევოლუციური პროცესების წასახალისებლად. კარგი ის არის, რომ ამ პროცესებს არავითარი პერსპექტივა არ აქვს, მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ფონდებიდან დაფინანსებული ენჯეოები აწყობენ 2000 კაციან აქციას, ითხოვენ ხელისუფლების დამხობას და ა.შ. ძალიან სამწუხარო რეალობას ქმნის. ასეთი ფაქტები და ქმედებები ძალიან მძიმედ აისახება არა მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის, მთლიანად ევროკავშირის  იმიჯზე ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, არავის უკვირს, რომ ევროკავშირის მიმართაც კი შემცირებულია ნდობა რადიკალურად, 80%-იდან თითქმის 50%-მდე. იმიტომ, რომ ევროპული ბიუროკრატია, რომელიც იმართება „დიფ სთეითის“ მხრიდან, აბსოლუტურად ანადგურებს ნდობას ქართული საზოგადოების თვალში ევროპული სტრუქტურების მიმართ“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ვიღაცეები ცდილობდნენ წაეხალისებინათ საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, ხდებოდა მარიხუანის, კლუბური ნარკოტიკების პოპულარიზაცია.

 

„ნარკომანია არის სერიოზული სენი და ჩვენ უნდა დავიცვათ პირველ რიგში, ის ადამიანები, რომლებიც არიან მომხმარებლები. ამისათვის საჭიროა ნარკოპოლიტიკის გამკაცრება. განსაკუთრებით უნდა გამკაცრდეს ნარკოპოლიტიკა რეალიზატორების მიმართ. მასშტაბური სპეცოპერაცია უკვე ჩატარდა, სადაც დაკავებული იქნა 18 მსხვილი ნარკორეალიზატორი და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება. ასევე, უნდა დაიხვეწოს კანონმდებლობა, იმისათვის, რომ მაქსიმლურად ეფექტიანად ვებრძოლოთ ამ მძიმე სენს და დავიცვათ ჩვენი თანამოქალაქეები, განსაკუთრებით ახალგაზრდები ამ მძიმე სენისგან. ხედავთ, რომ აქაც არის გაუმჭვირვალე გარე დაფინანსება, რომლის დახმარებითაც, ვიღაცეები ცდილობდნენ წაეხალისებინათ საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება. პოპულარიზაცია ხდებოდა მარიხუანის, კლუბური ნარკოტიკების და ა.შ. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ვერავის მივცემთ ამის უფლებას. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის კუთხით, ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფოსკენ წამოღების კუთხით, ესეც ემსახურება თავიდან ბოლომდე იმას, რომ ვებრძოლოთ ნარკოტიკების რეალიზაციას ჩვენს ქვეყანაში, იქნება ეს ე.წ. ლეგალური ფორმა თუ არალეგალური ფორმა“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, ანტიკორუფციული ბიურო ითხოვს ზუსტად იმ ინფორმაციას, რა ინფორმაციასაც გამოითხოვდა ხოლმე, წლების განმავლობაში, პოლიტიკური პარტიებისგან და მათი მხრიდან პერსონალურ ინფორმაციაზე აპელირება თითიდან გამოწოვილი საბაბია.

 

„ის სტანდარტი მოქმედებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რაც მთელი ამ წლების განმავლობაში მოქმედებდა პოლიტიკური პარტიების მიმართ. იქ რატომ არ აინტერესებდათ პერსონალური ინფორმაცია და არაფერი? რეალურად, ხდება ზუსტად იმ ინფორმაციის გამოთხოვა, რა ინფორმაციასაც გამოითხოვდა ხოლმე ანტიკორუფციული სამსახური მთელი ამ წლების განმავლობაში, 20 წლის განმავლობაში, პოლიტიკური პარტიებისგან.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის თითიდან გამოწოვილი საბაბი, სინამდვილეში, NGO-ებსა და მათ პატრონებს ძალიან ბევრი რამ აქვთ დასამალი, მათ შორის, დასამალი აქვთ ის, რომ უცხოური, გაუმჭვირვალე დაფინანსებით ისინი ახალისებდნენ ნარკომანიის, ასე ვთქვათ, გავრცელებას ჩვენს ქვეყანაში, აწყობდნენ რევოლუციას, ებრძოდნენ ეკლესიას, სახელმწიფო ინსტიტუტებს და ა.შ. ეს არის დასამალი და ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ისინი გაურბიან შესაბამისი დაფინანსების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას,“- აღნიშნა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პატრონები ძალიან ცუდად ექცევიან საკუთარ აგენტებს, მათ გადაწყვიტეს, ეს ადამიანები არ შეეყვანათ პარლამენტში და შეეყვანათ ციხეში. 

 

„ეს არის პატრონების დავალება, პატრონებმა გადაწყვიტეს, ეს ადამიანები არ შეეყვანათ პარლამენტში და შეეყვანათ ციხეში, ეს იყო თავიდან ბოლომდე მათი პატრონების გადაწყვეტილება, ისინი ძალიან ცუდად ექცევიან საკუთარ აგენტებს, ხედავთ, რა მდგომარეობამდე მიიყვანეს საკუთარი აგენტები. სალომე ზურაბიშვილი გუშინ სრული კატასტროფა, გახარია გაქცეულია, სხვა აგენტები არიან საპატიმროში, ასე ექცევა „დიფ სთეითი“ საკუთარ აგენტებს. 

 

მინდა მივმართო განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებსაც სამომავლოდ შეიძლება, ჰქონდეთ პოლიტიკურ პროცესში ჩართვის ამბიცია, ზოგადად აქტიურ საზოგადოებრივ პროცესებში ჩართვის ამბიცია, მე მინდა მათ ვთხოვო, რომ მაქსიმალური გულისყურით მოეკიდონ ამ საკითხს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ადამიანი, ჩვენი თანამოქალაქე გახდეს უცხოური ძალის აგენტი, რადგან აგენტის ხვედრი არის უმძიმესი. თავიდან შეიძლება, ვიღაცისთვის იყოს რაღაცნაირად მიმზიდველი ეს საქმიანობა, თუმცა საბოლოო ჯამში, აგენტის ხვედრი არის უმძიმესი, რაც ძალიან კარგად გამოჩნდა, გახარია, ზურაბიშვილი, ხაზარაძის და სხვა უცხოელი აგენტების ფონზე, გვარამია და ა.შ. აღარ გავაგრძელებ ამ სიას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შიდა დაპირისპირება, რომელიც არის სალომე ზურაბიშვილსა და სხვა რადიკალურ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, მოსალოდნელი იყო. 

 

„ჩვენ თავიდანვე ვიწინასწარმეტყველეთ, რომ ეს პროექტი, რასაც ერქვა ზურაბიშვილის ლიდერობა რადიკალურ ოპოზიციაში, აბსოლუტურად ჩავარდა და ამასთან არის დაკავშირებული შიდა დაპირისპირება, რომელიც არის მასსა და სხვა რადიკალურ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, ეს მოსალოდნელი იყო. კიდევ უფრო გამწვავდება ეს დაპირისპირება. იყო გარკვეული  პროექტი, რომელიც სრული ფიასკოსთვის იყო განწირული და რეალურად დასრულდა კიდეც ფიასკოთი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მთავრობის მეთაურის თქმით, ის, რომ ოპოზიცია და, მათ შორის, გახარია მსგავს მდგომარეობაში არიან, ამ ყველაფერში განსაკუთრებული წვლილი რადიკალური ოპოზიციის პატრონებს მიუძღვით.

 

„გახარია თვითონ ვერ ჩამოყალიბდა, რა უნდა. თან გაქცეულია, თან ქვეყანაში უნდა, თან - არ უნდა. არჩევნებში უნდა მონაწილეობა, თან - არ უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ შანსებიც საკმაოდ შესუსტებული აქვს. აქედან გამომდინარე, მთელი ოპოზიცია და მათ შორის, ეს პოლიტიკური პარტიაც და ეს ადამიანიც არიან სრულ გაურკვევლობაში, აქამდე მიიყვანეს პატრონებმა. რა თქმა უნდა, ჩვენც დავეხმარეთ, მაგრამ პირველ რიგში, ამ ყველაფერში განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის რადიკალური ოპოზიციის პატრონებს,“- განაცხადა პრემიერმა.