დღეს, ირაკლი კობახიძე ანგარიშით წარდგება - პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

პარლამენტი დღეს, სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენებას მოისმენს.

სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. სხდომის ბოლოს კი, საგაზაფხულო სესია დაიხურება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტში დღეს უსაფრთხოების დამატებითი ზომები იმოქმედებს. კონკრეტულად კი „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტში შენობაში შესვლა.

"დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის: კომიტეტების და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს სამი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა", - ნათქვამია პარლამენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო კვირას, დეპუტატებმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილი კანონპროექტებიც განიხილეს და მესამე მოსმენით დაამტკიცეს.