ფსევდოლიბერალური იდეოლოგია ცდილობს მოდურ მოვლენად წარმოაჩინოს მარიხუანისა და ე.წ. კლუბური ნარკოტიკების მოხმარება, რომლებიც ისეთივე გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, როგორც ნებისმიერი სხვა ნარკოტიკული საშუალება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ვალია, მაქსიმალურად დაუპირისპირდეს ფსევდოლიბერალურ დღის წესრიგს და დაიცვას ქართული საზოგადოება.
„მინდა გაგაცნოთ ორი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ნარკომანიასთან ბრძოლას უკავშირდება.
როგორც გუშინაც აღვნიშნე, ნარკოტიკული დანაშაულების გამოსავლენად და აღსაკვეთად გასული ერთი თვის განმავლობაში მთელი რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებები განვახორციელეთ. რამდენიმე დღის წინ ამოღებულ იქნა 300 კილოგრამი ჰეროინი; გუშინ დავაკავეთ 18 ნარკორეალიზატორი. ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და კიდევ უფრო გააქტიურდება. ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმატებული სპეცოპერაციებისთვის.
ნარკომანია არის უმძიმესი სენი, რომელიც სერიოზული პრობლემაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოს ქვეყნების უდიდესი უმრავლესობისთვის. ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, რომლის უმთავრესი მიზანი საზოგადოების დეგრადირება და მისი მანიპულირების გაიოლებაა, სხვა მანკიერებებთან ერთად, მიზანმიმართულად ცდილობს სხვადასხვა ქვეყანაში ნარკომანიის ფართოდ გავრცელებას, რისი ერთ-ერთი მაგალითი ჩვენი ქვეყანაცაა. ამკვიდრებენ ტერმინს „ლიბერალური ნარკოპოლიტიკა“, რომლის დეკლარირებული მიზანი ნარკომანიის შემცირებაა, სინამდვილეში კი სწორედ ნარკომანიის ფართოდ გავრცელებას ემსახურება. ფსევდოლიბერალური იდეოლოგია ცდილობს მოდურ მოვლენად წარმოაჩინოს მარიხუანისა და ე.წ. კლუბური ნარკოტიკების მოხმარება, რომლებიც ისეთივე გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, როგორც ნებისმიერი სხვა ნარკოტიკული საშუალება. ჩვენი ვალია ჩვენი ქვეყნის წინაშე, მაქსიმალურად დავუპირისპირდეთ ფსევდოლიბერალურ დღის წესრიგს და დავიცვათ ჩვენი საზოგადოება და ახალგაზრდები კიდევ ერთი მძიმე სენისგან - ნარკომანიისგან, რომელსაც ხელოვნურად გვახვევენ თავს“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები სწორედ ამგვარი პრაქტიკის აღკვეთას ისახავს მიზნად.
„მინდა, ვთხოვო საქართველოს პარლამენტს, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მომავალ კვირაში, დაჩქარებული წესით მიიღოს. კანონით განისაზღვრება კონკრეტული ვადები, რომლის განმავლობაშიც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გასატარებელი იქნება მთელი რიგი ღონისძიებები პროცესების შეუფერხებელი განხორციელებისთვის, მათ შორის პაციენტების უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ არც ერთი ადამიანი, რომელიც ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამით სათანადოდ სარგებლობს, მედიკამენტის გარეშე არ დარჩება. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს ხელისუფლება იქნება უკომპრომისო ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორების მიმართ. ვერავის მივცემთ ჩვენი თანამოქალაქეების, მათ შორის პირველ რიგში ახალგაზრდების მოწამვლის საშუალებას. საზოგადოებას პერიოდულად წარვუდგენთ ინფორმაციას ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ მიღებული კონკრეტული ზომების შესახებ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.