პირველი ნოემბრიდან საჯარო სექტორში ორმაგი ანაზღაურებადი დასაქმება იკრძალება - კანონპროექტი

პირველი ნოემბრიდან, გამონაკლისების გარდა, საჯარო სამსახურში ერთზე მეტ ანაზღაურებად პოზიციაზე დასაქმება იკრძალება. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტმა დღეს, 81 ხმით, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

ცვლილებები საჯარო სამსახურისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონებს ეხება და სასანქციო მექანიზმებსაც ითვალისწინებს.

დოკუმენტის მიხედვით, 2025 წლის 1-ელი ნოემბრიდან პირს, რომელიც ერთზე მეტ ანაზღაურებად თანამდებობას დაიკავებს, ვალდებულება ექნება, დატოვოს ყველა პოზიცია და ორი წლის განმავლობაში ჩამოშორდეს საჯარო სექტორში საქმიანობას. ასევე, მას დაეკისრება მიღებული ანაზღაურების დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტში.

პროექტი პლენარულ სხდომაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა წარადგინა. მისი თქმით, რეგულაცია გავრცელდება სახელმწიფო და მუნიციპალური დაწესებულებების მიერ დაფუძნებულ საწარმოებზე, მათ შვილობილ კომპანიებზე და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, გარდა რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციებისა.

მათიკაშვილის განმარტებით, გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ სამეცნიერო, პედაგოგიურ, შემოქმედებით, სპორტულ და თავდაცვის ძალების რეზერვში საქმიანობებზე. გარდა ამისა, დეფიციტური პროფესიების და კონკრეტული დაწესებულებების შემთხვევაში, მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებელი იქნება ერთწლიანი შერჩევითი გამონაკლისის დაშვება.

„თუ პირს ამ აკრძალვის მიუხედავად ექნება ორმაგი დასაქმება, არამხოლოდ ყველა პოზიციის დატოვება მოუწევს, არამედ იმ პერიოდისთვის მიღებული შრომის ანაზღაურების უკან დაბრუნება, რაც შეუთავსებლობის დადგომის მომენტიდან გათავისუფლებამდე მიიღოს,“ — განაცხადა მათიკაშვილმა.