თბილისის პროკურატურის სისტემაში თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებული დანაყოფი შეიქმნება — ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, გიორგი გვარაკიძემ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დანაყოფი დაკომპლექტდება გადამზადებული პროკურორებით, რომლებიც მხოლოდ თაღლითობის კატეგორიის საქმეებზე იმუშავებენ.
„ეს ხელს შეუწყობს დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის ზრდას და დააჩქარებს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას“, — განაცხადა გვარაკიძემ.
კანდიდატმა ყურადღება კიბერდანაშაულზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ის ხშირად ორგანიზებული დანაშაულის სახით ოპერირებს.
„კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი საპროცესო ხელმძღვანელობისთვის საჭიროა უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება, კომუნიკაცია სერვისის მომწოდებლებთან, სამართლებრივი დახმარების მექანიზმების გამოყენება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება“, — აღნიშნა მან.
მისი თქმით, საჭიროა ასევე ზედამხედველი პროკურორების რეგულარული გადამზადება, სასამართლო და საპროკურორო პრაქტიკის ანალიზი და ერთიანი მიდგომების ჩამოყალიბება.
„ამ კატეგორიის დანაშაულზე მაქსიმალურად უნდა წახალისდეს ზიანის დროული ანაზღაურების პოლიტიკა. ამასთან, არ გამოვრიცხავ დანაშაულში მოთანამშრომლე პირების მიმართ სწრაფი მართლმსაჯულების მექანიზმის გამოყენებას“, — განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.