„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. პროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა. პროექტით უქმდება დღეს მოქმედი ნორმა, რომლის გათვალისწინებით, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი შეზღუდვის ინიციატორს ეკისრება, ხოლო ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონით დადგენილი წესით ვერ დადასტურდება, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ უნდა გადაწყდეს.

ასევე, ცვლილებებით უქმდება კანონის ის ჩანაწერიც, რომლის მიხედვით, დაუშვებელია, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საქმეზე მოპასუხის უარი, გაამხილოს პროფესიული საიდუმლოება ან მისი წყარო, მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანის ერთადერთი საფუძველი გახდეს.

პროექტის მიღების შემთხვევაში, ცილისწამების თაობაზე დავების განხილვისას სასამართლოში მტკიცების ტვირთის გადატანა მოპასუხეზე მოხდება, ხოლო მოსარჩელე, რომელმაც შესაძლო მორალური და რეპუტაციული ზიანი მიიღო, მოპასუხის მიერ გავრცელებული ფაქტების მცდარობის მტკიცების ტვირთისგან გათავისუფლდება.

კანონპროექტი მოპასუხეს აკისრებს იმის მტკიცების ტვირთსაც, რომ მისი განცხადება მოსარჩელის შესახებ არსებითად მცდარ ფაქტს არ შეიცავდა.

კანონის პროექტით დაწესდება სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ეს ეხება როგორც პირისპირ შეურაცხყოფას, ასევე შეურაცხყოფას საჯარო სივრცეში. დღეს მოქმედი კანონით, არ შეიძლება, კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომლის ცოდნაც აუცილებელია ადამიანისათვის დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განსახორციელებლად. პარლამენტში წარდგენილი პროექტით, კანონის ეს მუხლიც უქმდება.

უქმდება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მუხლი, რომელიც ცილისწამებისათვის კვალიფიციურ პრივილეგიას განსაზღვრავს. კერძოდ, კანონიდან ამოდის ჩანაწერი, რომლის თანახმად, პირს ენიჭება კვალიფიციური პრივილეგია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადებისათვის, თუ: მან მიიღო გონივრული ზომები ფაქტის სისწორის გადასამოწმებლად, მაგრამ ვერ შესძლო შეცდომის თავიდან აცილება და გაატარა ქმედითი ღონისძიებები ცილისწამებით დაზიანებული პირის რეპუტაციის აღსადგენად; იგი მიზნად ისახავდა საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს; მან განცხადება გააკეთა მოსარჩელის თანხმობით; მისი განცხადება წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ მის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებაზე თანაზომიერ პასუხს; მისი განცხადება წარმოადგენდა სამართლიან და ზუსტ რეპორტაჟს იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომლისკენაც მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება.

ამავე კანონის პროექტით, ცილისწამების საქმის განხილვის ვადები მჭიდროვდება – ცილისწამების შესახებ დავისას სასამართლოს მიერ მხარეთა მორიგებისთვის დადგენილი ერთთვიანი ვადა 10 დღემდე მცირდება.

კანონპროექტით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ შესწორების ან უარყოფის გამოქვეყნება ცილისწამებით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ჯეროვანი ანაზღაურებისათვის საკმარისი არ არის, მოპასუხეს, მოსარჩელის მოთხოვნით, შეიძლება დაეკისროს მოსარჩელისათვის მიყენებული ქონებრივი ან არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც.