"კორუფციასთან ბრძოლა რჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად" - ირაკლი კობახიძე

ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვებრძოლოთ კორუფციას, კორუფცია აფერხებს ქვეყნის განვითარებას, შესაბამისად, ეს უნდა დარჩეს ერთ-ერთი უმთავრეს პრიორიტეტად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს რომეო მიქაუტაძის დაკავების საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს ამბიციური მიზანი, რომ ქვეყანა ევროპის სამეულში შევიდეს კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით და ამ კუთხით, ხელისუფლებაში ბევრი ცვლილება განხორციელდა.

 

„კონკრეტულის საქმის დეტალებში მე ვერ შევალ, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენცია და ისინი შეისწავლიან ასეთ საკითხებს, ისინი რეაგირებენ ასეთ საკითხებზე. უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. კორუფციასთან ბრძოლა რჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად. ჩვენ გვაქვს გაჟღერებული ამბიციური მიზანი, რომ გვინდა, ევროპის სამეულში შევიდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ამ კუთხით, ძალიან ბევრი ცვლილება განხორციელდა საქართველოს მთავრობაში, ზოგადად ხელისუფლებაში. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვებრძოლოთ კორუფციას, კორუფცია აფერხებს ქვეყნის განვითარებას, შესაბამისად, ეს უნდა დარჩეს ერთ-ერთი უმთავრეს პრიორიტეტად,“- განაცხადა პრემიერმა.

 

კითხვაზე, რომელიც რომეო მიქაუტაძის საქმეზე, დაკავებულის ყოფილი ხელმძღვანელების სახით, კახა კალაძისა და ლევან დავითაშვილის გამოკითხვას შეეხებოდა, პრემიერმა აღნიშნა, რომ გამოძიება უკავშირდება მის საქმიანობას ეკონომიკის სამინისტროში.

 

„გამოძიება უკავშირდება ეკონომიკის სამინისტროში კონკრეტული პირის საქმიანობას. რაც შეეხება ლევან დავითაშვილს, მის კეთილსინდისიერებაში არავის ეპარება ეჭვი. დეტალებზე მე ვერ გიპასუხებთ, ეს არის შესაბამისი სამართალდამცავი სტრუქტურების საქმე. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ღრმად ეძიება ასეთ საქმეებში, საქმეების ბოლომდე მიყვანაც არის სამართალდამცავი უწყებების საქმე,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის თქმით, გახარიას ჰქონდა დაკვეთა, განეხორციელებინა პროვოკაციები, იმისათვის, რომ ქვეყნის ინტერესები დაეზიანებინა.

 

„მე უფრო კომპლექსურად მინდა დაგანახოთ გახარიას ქმედებები. ეს არ იყო მარტო იზოლირებული შემთხვევა, როდესაც მან რაღაც პროვოკაცია განახორციელა, რასაც მოჰყვა ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ინტერესების დაზიანება. მანამდე იყო ბასიანის შემთხვევა, პანკისის შემთხვევა, უამრავი შემთხვევა, როდესაც გახარია დგამდა ნაბიჯებს, რასაც ქვეყნისთვის მოჰქონდა სერიოზული ზიანი. მე ვერ დავიჯერებ, რომ ამას გახარია აკეთებდა მხოლოდ სისულელით და არა დაკვეთების და დავალების შესაბამისად. გახარიას ჰქონდა მარტივი დაკვეთა, განეხორციელებინა პროვოკაციები, იმისათვის, რომ ქვეყნის ინტერესები დაეზიანებინა. ეს იყო მისი დავალებები, რასაც ის იღებდა გარედან, ვისგან, გასაგებია - ამ შემთხვევაშიც „დიფ სთეითისგან“. ჩვენი ერთ-ერთი გზავნილი საზოგადოების წინაშე არის ის, რომ დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ჩვენ მართულები არ ვიყავით, ანგარიშის გაწევა გვიწევდა „დიფ სთეითისთვის“. ასეთი მდგომარეობა იყო 2019 წელსაც, როდესაც „დიფ სთეითიდან“ გაისმა ზარი. „დიფ სთეითში“ ვგულისხმობთ რას - ეს იყო ოფიციალური თანამდებობის პირი, ეს არ იყო არაფორმალური თანამდებობის პირი. ეს იყო ოფიციალური თანამდებობის პირი, თუმცა, იმ მომენტში ის გამოხატავდა არა შესაბამისი სუბიექტის, არამედ „დიფ სთეითის“ ინტერესებს. დღეს ჩვენ ასეთ კომპრომისებს არ ვუშვებთ “, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარია თუ მართალია, მის ინტერესში უნდა შედიოდეს კითხვებზე პასუხის გაცემა.

 

„მაქვს შთაბეჭდილება, რომ გახარია გაურბის კითხვებს და ამის გამო ითხოვს ის განსხვავებულ ფორმატს დიალოგისთვის, თუმცა მგონია, რომ თუ მართალია, სწორედ მის ინტერესებში უნდა იყოს  კომისიაზე მისვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა. როდესაც მე ვიცი, რომ წერილის თანახმად, ის რამდენიმე კვირით არის წასული საქართველოდან, ეს ღიმილისმომგვრელია, ასე სამარცხვინო გაქცევას საგამოძიებო კომისიიდან, შეფასებაც არ სჭირდება. მას რომ ჰქონდეს კითხვებზე პასუხები, ამას არ გააკეთებდა.

 

რაც შეეხება ჩორჩანას საქმეს, აქაც გამოძიება უნდა დასრულდეს, ეს არის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმე, ეს არის სამართალდამცველი უწყებების საქმე. ჩემთვის სურათი არის დღესავით ნათელი, ეს იყო მინი მოდელი იმისა, რაც გააკეთა სააკაშვილმა 2008 წელს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.