ჩვენ დღეს გვაქვს იმაზე მეტი რეიტინგი, ვიდრე გვქონდა საპარლამენტო არჩევნების წინ. საპარლამენტო არჩევნებში თუ ავიღეთ 54%, ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ამაზე მეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, „ქართული ოცნება“ მოიგებს 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს.
„რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, ჩვენ დღეს გვაქვს იმაზე მეტი რეიტინგი, ვიდრე გვქონდა საპარლამენტო არჩევნების წინ. საპარლამენტო არჩევნებში თუ ავიღეთ 54%, ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ამაზე მეტი. ასეთ ვითარებაში ოპოზიცია არის აბსოლუტურად განწირული. ჩვენ მოვიგებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს. ასეთ ვითარებაში აღარ იციან, რა ქნან. თან ენანებათ ის 2-3 მანდატი, რომელიც შეუძლიათ, მიიღონ საკრებულოებში. თან მეორეს მხრივ, ხედავენ, რომ აბსოლუტურად განწირულები არიან მარცხისთვის. ამასთან არის დაკავშირებული ის შიდა ბრძოლები, რომელსაც ვხედავთ ჩვენ ოპოზიციაში. რაც კარგია და მთავარია, ოპოზიცია არის აბსოლუტურად დაშლილი და მოშლილი“, - განაცხადა პრემიერმა.
გენერალურ პროკურორად წარდგენილი კანდიდატი გიორგი გვარაკიძე არის გამორჩეული მაღალი პროფესიონალიზმით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ის კეთილსინდისიერად მოემსახურება იმას, რასაც ჰქვია ქვეყანაში სამართლის უზენაესობის დაცვა.
„ბატონი გიორგი გვარაკიძე არის გამორჩეული მაღალი პროფესიონალიზმით. იმედი მაქვს, რომ ის მოიპოვებს საქართველოს პარლამენტის ნდობას. მგონია, რომ ის კეთილსინდისიერად მოემსახურება იმას, რასაც ჰქვია ჩვენს ქვეყანაში სამართლის უზენაესობის დაცვა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.