შინაგან საქმეთა მინისტრმა ქვემო ქართლის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ პირველ მოადგილესთან, როლანდ მესხსა და მოადგილესთან, გიორგი ბუთხუზთან ერთად, ქვემო ქართლის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა.

მინისტრი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, გელა გელაძემ საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლებისგან რეგიონში დანაშაულთან ბრძოლის, ასევე, საპოლიციო პრევენციული ღონისძიებებისა და საგზაო მოძრაობის მიმართულებით არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიიღო.

შინაგან საქმეთა მინისტრი ქვემო ქართლის რეგიონში განთავსებულ სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია. გელა გელაძემ დაცვის პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის – 112-ის სამუშაო სივრცეები, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა.

„მინისტრმა თანამშრომლებისგან სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე მოისმინა ინფორმაცია და მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში წარმატება უსურვა“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.